„ნაცმოძრაობის" ევროპული შერიგება და „ქართული ოცნების" ისტერიკა

რატომ უტრიალდება „ქართულ ოცნებას“ ზურაბიშვილის ყოველი გამოჩენა „შავ პიარად“ და დასჯაბნის თუ არა ოპოზიცია მმართველ ძალას პიარ-ტექნოლოგიებით.
Sputnik

ევროპაში დიდი შერიგება შედგა. გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი კვლავ დაძმობილდნენ. რას არ გააკეთებს კაცი, ოღონდ ბიძინა ივანიშვილი მოშორდეს ხელისუფლებას... „ევროპის სახალხო პარტიამ“ ჰელსინკიში თავის ყრილობაზე  „ნაცმოძრაობის“ ერთობას დაუდო სათავე. პრინციპში, გასაკვირი არ უნდა იყოს – ეს, ცხადია, პოლიტიკური თამაშია და ჩვენ საზოგადოებას არაფერი უკვირს.

მიხეილ სააკაშვილი დღეებს ითვლის, თუ როდის დაბრუნდება უკან ხელისუფლებაში, ევროპაში უკვე პოზიციებს იმყარებს და რევანშისთვის ემზადება. სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზია არის „ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო და გვყავს ერთი მტერი“.

თავის მხრივ გიგი უგულავა ამბობს, რომ გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიდეს. „ვაშაძე უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები ჩატარდეს“.

ქუდზე კაცი! – ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიას უხმობს

დღეს გაორებულია საზოგადოების ყველა ფენა, მათ შორის სახელისუფლებო სტრუქტურები. ხომ არ არის ეს მოგონილი კოჰაბიტაციის დასასრული და ხომ არ მოვიდა ახლა დრო, ივანიშვილმა უკან დაუბრუნოს სააკაშვილს ძალაუფლება ისევ ხავერდოვნად და უსისხლოდ, რამეთუ 2012 წელს სულ არ იყო სააკაშვილი განწყობილი ასე ხავერდოვნად გადაებარებინა ძალაუფლება. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი ისევ მომწიფდა და სააკაშვილი ევროპელი მეგობრების დახმარებით უკან ითხოვს საკუთარ სავარძელს, ჩვენ, უბრალო საზოგადოება, ჭანჭიკი ვართ ამ პოლიტიკურ თამაშში.   

კვლავ გაურკვეველია თარიღი, თუ როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. შესაბამისად, ოპოზიცია ხელისუფლებას ამ გაურკვევლობის გამო საარჩევნო მანიპულირებაში ადანაშაულებს. ხელისუფლებას ეს ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს, რადგან ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა გარკვეული დრო და ტაიმ-აუტი, ასე ვთქვათ, ისტერიკიდან გამოსასვლელად, დრო იმისათვის, რომ გადადგას გონივრული ნაბიჯები და პასიური ამომრჩეველი „აიძულოს“ არჩევნებზე მივიდეს სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური – დაუნდობელი ბრძოლა

ზურაბიშვილის ყოველი გამოჩენა „ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი გამოსვლები და პოლიტიკური განცხადებები, პრაქტიკულად, „ქართული ოცნებისთვის“ შავი პიარის ტოლფასია. ის ვერ პოულობს საერთო ენას ჟურნალისტებთან. მედიასთან კომუნიკაციის პრობლემები კი, შეიძლება ითქვას, სუსტი პიარ-ტექნოლოგიების შედეგია. 

მართალია, ეს სხვა თემის საგანია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არც ბიძინა ივანიშვილს უვარგა „პიარის მამები“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ხალხი ივანიშვილს არარეალურ სამყაროში ამყოფებს არასწორი რჩევებით თუ პოლიტიკური ანალიზით. აშკარაა, რომ საზოგადოება სხვა ენაზე საუბრობს, ხოლო ხელისუფლება სხვა განზომილებაში იმყოფება.

„ნაცმოძრაობის“ რეინკარნაცია დაიწყო?

ორი აზრი არ არსებობს იმაში, რომ დიდი შეცდომა იყო სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენება. ამას ხელისუფლების წევრები ძალიან კარგად აცნობიერებენ, თუმცა საჯაროდ არ აღიარებენ. საქმე ის არის, რომ ნაკლებად სარწმუნოა, სალომე ზურაბიშვილი გამარჯვების შემთხვევაში პოპულარულ პრეზიდენტად იქცეს და მისი ყოველი ნაბიჯი კვლავ არ გახდეს საზოგადოების კრიტიკის თემა... 

ისმის კითხვა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ერთი წლის შემდეგ? ერთი წელი სწორედ ის სიმბოლური თარიღია, რომელიც ითხოვა ბიძინა ივანიშვილმა ქართველი ხალხისგან. თუ ხალხი ამ თხოვნას ყურად იღებს, ნდობას გამოუცხადებს მმართველ ძალას და ქვეყანაში კვლავაც არაფერი შეიცვლება, რა მოხდება შემდეგ? შედგება თუ არა ამ ვადაში „მესამე პოლიტიკური ცენტრი", ჩატარდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რა შედეგებს მოუტანს ეს ქვეყანას?..

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!