ბურჯანაძე: ივანიშვილი განერვიულდა, მაგრამ დაიმსახურა ეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია ახლა მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებს იმკის.
Sputnik

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ განერვიულდნენ, განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

არჩევნების შედეგად მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმათა დაახლოებით 39%. მას ცოტათი ჩამორჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ქუდზე კაცი! – ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიას უხმობს>>

არჩევნების შემდეგ ძირითადი დარტყმა თავის თავზე „ქართულმა ოცნებამ" აიღო, რომელმაც თავისი რესურსების სრული მობილიზაცია გამოაცხადა, რათა არ დაუშვას ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება.

„ნერვიულობა არ დაუმსახურებია საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას, თორემ მათ ნამდვილად დაიმსახურეს, რადგან წარმართეს აბსოლუტურად არასწორი, არაკომპეტენტური, უსამართლო და უსახური პოლიტიკა როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით", – განაცხადა ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მისი არც ერთი გაფრთხილება და წინადადება, რომლებიც „საქმის ინტერესებიდან იყო ნაკარნახევი".

ბურჯანაძე მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნის

„რომ გაეთვალისწინებინათ, გარწმუნებთ, დღეს იმ დღეში არ იქნებოდნენ, რაშიც არიან. ამიტომ მაქვს აბსოლუტური მორალური უფლება, ცოტა ხანი დაველოდო და მათ ნერვიულობას ვუყურო. ცოტა უნდა ვანერვიულოთ", – განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მისმა პარტიამ „ქართულ ოცნებას" დაუჭიროს მხარი მეორე ტურის წინ, ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამაზე არ ფიქრობს.

პირველი ტურის შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა ვერ შეძლო საჭირო 50%-ზე მეტი ხმის დაგროვება, მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა და ამის დასტურია კენჭისყრის შედეგები.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება არაუგვიანეს 2 დეკემბრისა.