წაიქცა თუ სცემეს – რა მოხდა ახალქალაქში

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" მომხრე რემიკ პოღოსიანი თავის ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მათი მომხრე ახალქალაქიდან რემიკ პოღოსიანი სცემეს, თავად პოღოსიანი კი ირწმუნება, რომ საკუთარი სახლის ეზოში წაიქცა.

პოღოსიანი საავადმყოფოში თავის ტრავმით გუშინ, საღამოს მოხვდა. გაერთიანების „ძალა ერთობაშია" მონაცემებით, პოღოსიანს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის (მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო") ენზელ მკოიანის ნათესავები გაუსწორდნენ.

„პოღოსიანი გუშინ საავადმყოფოში დაკითხეს თარჯიმნის თანდასწრებით. მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ საკუთარი სახლის ეზოში წაიქცა. ამასთან დაკავშირებით კომპლექსური ექსპერტიზა დაინიშნა", – განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

გახარია პირადად გაუწევს კურირებას უსაფრთხოებას არჩევნებზე

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ძალადობა", რაც ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, შინაპატიმრობით 6 თვიდან 1 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით.

როგორც ტელეკომპანია Rustavi2 იუწყება, პოღოსიანს, სავარაუდოდ, იმიტომ გაუსწორდნენ, რომ არხმა საკვირაო პროგრამაში P.S. აჩვენა მისი კომენტარი, სადაც პოღოსიანმა დეპუტატი მკოიანი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.

ახალქალაქი ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში უკვე მეორედ მოექცა. ოქტომბრის ბოლოს სცემეს გაერთიანების „ძალა ერთობაშია" წევრები. ეს მოხდა ოპოზიციონერების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევის შემდეგ.