თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანმა თბილისში ხელი მოაწერეს მემორანდუმს კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ნათქვამია ქართული საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოს სპეცსამსახურები ფარულ თვალთვალს ირლანდიაში შეისწავლიან>>
დანკანი თბილისში „უორდროპის სტრატეგიული პარტნიორობის" მეხუთე რაუნდის ფარგლებში ჩამოვიდა. ეს ფორმატი 2014 წელს დაარსდა და ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს. ოლივერ უორდროპი 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზებაში.
„მივესალმებით კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელსაც ახლახან მოეწერა ხელი და რომელიც ითვალისწინებს შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას და კიბერთავდასხმების მიმართ რეზისტენტულობის გაზრდას", – განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საკითხები პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის სფეროებში.
„ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება გაფორმდეს ასოცირების შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის Brexit-ის შემდეგ. ევროპის კავშირისადმი ჩვენი კოლექტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე, ფართო სავაჭრო შეთანხმების პოტენციალს ვხედავთ", – განაცხადა სერ დანკანმა.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა.