თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს პენსიონერების მოტყუებაში დასდო ბრალი, რადგან ის მათ პენსიების 400 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ გრიგოლ ვაშაძე – გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერს მხარს.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პასუხი გავცე შეკითხვაზე, იმ ტყუილზე, რაც უკავშირდება დაპირებას ე.წ. 400-ლარიან პენსიაზე. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ ჩვენ ოპონენტებს, პირადად მე შემიძლია რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად გავუგზავნო. საუბარია დამატებით ორ მილიარდ ლარზე, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე საერთო ხელფასი, რაც ეკუთვნით ჩვენ ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად... არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენ ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილს ეუბნებიან", – განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, პენსიის გაზრდა 400 ლარამდე ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამჟამად ასაკობრივი პენსიონერები 180 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ.
„ეს არის სრულიად მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ტყუილს აუცილებლად გასცემს ადეკვატურ პასუხს", – აღნიშნა ბახტაძემ.
კომენტარი ამასთან დაკავშირებით გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემაც.
„თუ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე საუბრობენ, ყველა უწყება რომ გავაუქმოთ და ყველა სახლში გავუშვათ, პენსიის 400 ლარამდე გაზრდას ბიუჯეტი მაინც არ ჰყოფნის. ეს არარეალური და აბსურდული დაპირებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩაეკითხოთ, არ იტყვიან, რომ ამის გაკეთებას 2019-2020 წლებში აპირებენ", – განაცხადა კაკაურიძემ.
ასაკის მიხედვით პენსიას იღებენ მამაკაცები 65 წელს ზევით და ქალები 60 წელს ზევით. პენსიები ბოლოს 2016 წელს მოუმატეს (12,5%-ით).