გრიპის სეზონი საქართველოში, შესაძლოა, ორ კვირაში დაიწყოს

საქართველოს მთავარმა ინფექციონისტმა გრიპის სეზონის დადგომამდე მოსახლეობას რჩევები მისცა.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. სპეციალისტები საქართველოში გრიპის ვირუსის გამოჩენას ორ კვირაში ელოდებიან, ხოლო დაავადების პიკს – 2019 წლის თებერვალში, განაცხადა დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე.

ჯერჯერობით საქართველოში გრიპის მსგავსი დაავადებები ცირკულირებს, მათ შორის რინოვირუსები, რასაც სურდო და გაციება ახლავს თან; პარაგრიპის ვირუსები, რომელსაც შეუძლია ცრუ კრუპის გამოწვევა ბავშვებში; მეტაპნევმოვირუსები, რომლებიც ხანდახან მძიმე ფორმით მიმდინარეობს.

„გრიპის ვირუსის გამოჩენას საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში, ნოემბრის მეორე ნახევრიდან შეიძლება ველოდოთ. ყველა პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყანაში ამ ტიპის ვირუსის ცოტა შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს, ხოლო ყველაზე მეტი შემთხვევა, შესაძლოა, თებერვლის თვეში გამოვლინდეს. გრიპის ვირუსი ცივი ამინდების შემთხვევაში მეტად გავრცელდება. თებერვლამდე არ ველოდებით გრიპის ხშირ შემხვევებს", – განაცხადა იმნაძემ.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებს

მისი თქმით, არსებობს დაახლოებით 200 ვირუსი, რომელთაგან ყველაზე მეტად დაახლოებით 20 გვხვდება. ამ ვირუსებს სპეციალისტები მუდმივად აკვირდებიან, რათა იცოდნენ, მათგან რომელია ქვეყანაში წამყვანი.

იმნაძის განცხადებით, როდესაც ცივა, ვირუსი ასეთ გარემოში დაახლოებით შვიდი საათი ცოცხლობს. თუ ვინმე დააცემინებს ან დაახველებს, ვირუსი, შესაძლოა, მაგალითად, მაგიდაზე მოხვდეს. თუ ვინმე ამ მაგიდაზე ხელს დადებს და შემდეგ ამ ხელს თვალზე ან ცხვირზე მოისვამს, ასე ხდება ადამიანის დასნებოვნება. ამიტომ საჭიროა ხელების ხშირი დაბანა ან სველი ხელსაწმენდით გაწმენდა, აღნიშნა მან.

იმნაძის ძირითადი რჩევა მაინც გრიპის საწინააღმდეგო აცრაა. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ასევე ადამიანებს ურჩევს, დაავადების შემთხვევაში სახლში დარჩნენ, რათა ვირუსი არ გაავრცელონ.