დამსაქმებლები ვალდებული გახდებიან, თანამშრომლები უბედურ შემთხვევებზე დააზღვიონ

მიმდინარე წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 29 და დაშავდა 24 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. დამსაქმებლები 2019 წლის 1 იანვრიდან ვალდებული იქნებიან, თავიანთი თანამშრომლები უბედურ შემთხვევებზე დააზღვიონ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.

უბედურ შემთხვევებზე დაზღვევას ითვალისწინებს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ".

იმერეთში რკინიგზის მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა

ამ თემაზე გამართულ შეხვედრაზე ბიზნეს-გაერთიანებებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს. მხარეებმა განიხილეს სადაზღვევო მინიმალური პაკეტის ოდენობისა და შესაძლო ლიმიტების საკითხები.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, მიმდინარე წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად დაიღუპა 29 და დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში დაიღუპა 11, ხოლო მძიმედ დაშავდა 10 ადამიანი.

საქართველოს პარლამენტმა მარტის დასაწყისში დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დადგენას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რათა სამუშაო ადგილზე თითოეული ადამიანი უსაფრთხოდ იმყოფებოდეს. კანონი ასევე ითვალისწინებს ჯარიმას შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.