თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. „მის საქართველო 2017“ ნია წივწივაძე 8 ნოემბერს მიემგზავრება ჩინეთში სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე „მის მსოფლიო 2018“, უამბო მოდელმა „Sputnik-საქართველოს“.
ჩინეთში 25 წლის მოდელი ერთი თვის განმავლობაში დარჩება და სხვა კონკურსანტებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ფინალური შოუ 8 დეკემბერს შედგება. ქართველი ლამაზმანი სამშობლოში 10 დეკემბერს დაბრუნდება.
როგორ შეცვალა დონატელა ვერსაჩეს ერთმა სიტყვამ ქართველი მოდელის კარიერა >>
„ძალიან ვნერვიულობ. ერთადერთი, რაზეც ვღელავ, რაც შეიძლება უკეთ შევძლო ჩემი თავის წარმოჩენა. ახლა საბოლოო მზადებაში ვარ, მალე რეისი მაქვს, ჩინეთში მივფრინავ. რაც შეეხება კონკურსანტებს, რამდენიმე თვის წინ ვიყავი ერევანში, მის სომხეთი გავიცანი და ძალიან მოხარული ვარ, რომ სულ მალე მის ნახვას შევძლებ“, - უამბო წივწივაძემ „Sputnik-საქართველოს“.
კონკურსზე წივწივაძე ქართულ ეროვნულ ცეკვა „ილოურს“ შეასრულებს. მოდელმა ეს ცეკვა ქართული ეროვნული სამოსის საჩვენებლად შეარჩია.
„ეს ცეკვა იმიტომ შევარჩიე, რომ სხვა ქართული ეროვნული ცეკვა ძირითადად პარტნიორთან ერთად სრულდება, მე კი მარტო მომიწევს ცეკვა. თანაც „ილოური“ ჩოხითა და ფაფახით სრულდება, რაც ცეკვას განსაკუთრებულს ხდის. ცეკვის დადგმაში დამეხმარა ჩემი დაქალის, თათა გომელაურის დედა, რომელიც „სუხიშვილებში“ ცეკვავს. დიდი მადლობა მას დახმარებისთვის, იმიტომ რომ როდესაც რეპეტიციაზე მივედი, მეგონა, არაფერი გამომივიდოდა. მისი დახმარებით მაქსიმალურ შედეგს მივაღწიე“, - აღნიშნა წივწივაძემ.
მოდელი მზად არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსისთვის. მისი თქმით, მან უკვე მიიღო რჩევები შარშანდელი კონკურსანტებისგან, რომლებიც საქართველოს ამ კონკურსზე წარმოადგენდნენ.
ნია წივწივაძემ ბიზნეს-ადმინისტრირების მენეჯმენტის ფაკულტეტი დაამთავრა, ბლოგერია და სტატიებს წერს. ერთ-ერთ საბავშვო გამოცემაში პიარ-მენეჯერად მუშაობდა. სამოდელო სფეროში 18 წლის ასაკში მოხვდა. მონაწილეობდა მოდის კვირეულებსა და ფოტოსესიებში. ბრწყინვალე გარეგნობისა და წარმატების მიუხედავად, გოგონამ სამოდელო სფერო დატოვა და სწავლა გააგრძელა.
შარშან მეგობრებმა ურჩიეს მონაწილეობა მიეღო „მის საქართველოში“, რომელიც მან მოიგო და სამოდელო სფეროში ისევ დაბრუნდა.
„გადაღებები ჩემს ცხოვრებაში სულ იქნება. რაც შეეხება პოდიუმს, ვნახოთ, ყველაფერი წინადადებაზეა დამოკიდებული. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. Image Centre-ის დამფუძნებელმა ია კიწმარიშვილმა წასვლის წინ რჩევები მომცა, მითხრა, მაქსიმალურად პოზიტიური უნდა ვიყო. მის რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ, რადგან რაც არ უნდა ლამაზი იყო, შენი სილამაზე არავის უნდა, თუ პოზიტიური არ ხარ“, - განაცხადა წივწივაძემ.
გასულ წელს „მის საქართველო 2017“-ის ფინალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში 9 დეკემბერს შედგა. „მის საქართველო 2017“-ის ჟიურის თავმჯდომარე იყო ია კიწმარიშვილი, ჟიურის წევრები იყვნენ ასევე „მის საქართველო — 2015"-ის გამარჯვებული თბილისელი ნუკა ყარალაშვილი, „ვიცე-მის საქართველო 2015“ ვიქტორია კოჩეროვა, „მის საქართველო 2013“ ანა ზუბაშვილი, ასევე მედიის, საიუველირო კომპანიის, ესთეტიკურ-დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენლები.
პროექტი „მის საქართველო" ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსია. მას კომპანია Image Centre 2003 წლიდან მართავს.