ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში წარმატებით დაიწყეს

რუსეთის ხანტი–მანსიისკში მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე ქალები ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდში გავიდნენ. ჩემპიონატი რუსეთის ხანტი–მანსიისკში დაიწყო.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (მეცხრე ნომერი მსოფლიო რეიტინგში) კუბელ მირანდა ლანესს მოუგო 2:0. ასეთივე ანგარიშით დაამარცხა ბაციაშვილმა შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტი. ბელა ხოტენაშვილმა კი ჩინელი კიმ პუნგის წინააღმდეგ მატჩის პირველ პარტიაში ყაიმი დააფიქსირა, ხოლო მეორე მატჩში შავი ფიგურებით მოიგო და 1/16 ფინალში გასვლა გაინაღდა.

მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ ნანა ძაგნიძე დასახელდა

საკმაოდ მოულოდნელად დასრულდა სოფიო ხუხაშვილისა, რომელიც არ შედის ფიდეს ტოპ-ასეულში და ინდოელი ჰარიუკა დრონავალის (ქალ მოჭადრაკეთა რეიტინგში მე-11) შეხვედრა. ამ წყვილში გამარჯვებული ტაი-ბრეიკში დღეს, 5 ნოემბერს გამოვლინდება.

საქართველოს ნაკრებისთვის ერთადერთი დანაკარგი ლელა ჯავახიშვილი აღმოჩნდა, რომლის თამაშის შედეგიც მოულოდნელობათა რიგს შეიძლება მივაკუთვნოთ. ჯავახიშვილმა, რომელიც ფიდეს რეიტინგის ტოპ-ოცეულში შედის, ჩინელ ჟუ ჟინერთან წააგო, რომელიც მსოფლიო ელიტაში 78-ე ადგილზეა.

ამ დროისთვის ცნობილია 21 მოჭადრაკის სახელი, რომლებიც მეორე რაუნდში გადავიდნენ. კიდევ 11 სპორტსმენის ვინაობა დღეს განისაზღვრება.

მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის ხანტი–მანსიისკში 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 450 ათასი აშშ დოლარი.