ირანის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისთვის 17 წლით პატიმრობა შეეფარდა

ირანის მოქალაქე სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ირანის მოქალაქეს საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემოტანისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება ირანში შეიძინა და სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სადახლოს" გავლით საქართველოში მისი შემოტანის ორგანიზება მოახდინა.   

სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

„ირანის მოქალაქემ ნარკოტიკული საშუალება ფუთებად დააფასოვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით სხვადასხვა ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ა.ბ-ს, მ.ყ.-ს, ფ.ჰ.-ს და საკუთარ სხეულში მოათავსა... სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ მეშვეობით ორგანიზება გაუწია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 531,3626 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანას", – აღნიშნულია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად 2018 წლის 9 თებერვალს თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით წარედგინა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონო შემოტანას გულისხმობს.