ბორჯომის ტყეში 120 ათასი წიწვოვანი ხე დაირგო

პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლებში 250 ჰექტარ ტყეს აღადგენენ.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ბორჯომის ხეობაში, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 120 ათასი წიწვოვანი ხე დაირგო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პროექტის მიზანია ტყის პირვანდელი ეკოსისტემის აღდგენა. სწორედ ამიტომ ადგილობრივი და სტანდარტული ხეები დაირგო.

დამწვარი ტყის ფართობია 943 ჰექტარი. პირველ ეტაპზე, 2018-2019 წლებში 250 ჰექტარი აღდგება. მიმდინარე წლის ნოემბერში 144 ჰექტარს აღადგენენ, დაირგვება დაახლოებით 400 ათასი ნერგი. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.

ბორჯომში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება

სოფელ დაბაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოებში ჩართული არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები. სპეციალისტების მეთვალყურეობით დაახლოებით 50 ნერგი უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დარგეს.

დაზიანებული ტერიტორია სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. მან ჩაატარა გეოლოგიური, ასევე ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა. მიღებული შედეგების საფუძველზე კომისიის წევრებმა ტყის აღდგენის პროექტი შეიმუშავეს.

იქედან გამომდინარე, რომ ტყის აღდგენა ხანგრძლივი, სპეციფიკური და რთული პროცესია, პროექტის განხორციელება მკაცრად გეგმის მიხედვით, სპეციალისტების მეთვალყურეობით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

საქართველო 2017 წლის ზაფხულში ხანძრების სერიამ მოიცვა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში მოხდა.