თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ელენე გიორბელიძე, რომელიც დღეს, დილით დაიკარგა, საღსალამათი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
პოლიცია 11 წლის ელენეს დილიდანვე ეძებდა. გოგონას ახლობლები აცხადებდნენ, რომ მეშვიდეკლასელი გოგონა ძმასთან ერთად 08:30 საათზე გავიდა სახლიდან და წავიდა სკოლაში, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობს, თუმცა გაკვეთილებს არ დასწრებია.
ტელეარხის ინფორმაციით, გოგონა გამვლელმა იპოვა. თუმცა ინფორმაცია, კონკრეტულად სად იპოვა მან 11 წლის ელენე, არ ვრცელდება. ამჟამად ის სახლში იმყოფება. ტელეარხი გოგონას მეზობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სახლიდან გასვლამდე ელენემ გამოსათხოვარი წერილი დაუტოვა მშობლებს, სადაც წერს, რომ ძალიან უყვარს ისინი.
გოგონას ახლობლები სკოლის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და საყვედურს გამოთქვამენ, რომ კლასის დამრიგებელმა არ აცნობა ელენეს მშობლებს, რომ ის სკოლაში არ მისულა.
„ბავშვი თუ არ მივიდა კლასში, კლასის ხელმძღვანელს უნდა დაერეკა მშობელთან, ეს აუცილებელია“, – აღნიშნა ბავშვის ბებიამ.
8 წლის გოგონას მკვლელობა გორში: ბრალდებული პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირია >>
დღევანდელი შემთხვევა გაამძაფრა ორი კვირის წინანდელმა უბედურებამ, როცა საქართველო საზარელმა ტრაგედიამ შეძრა. გორში იპოვეს გარდაცვლილი 8 წლის ნანა ბერიაშვილი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. შსს-ს ვერსიით, გოგონა მოკლა 34 წლის იაგო ნებიერიძემ, რომელიც მსხვერპლის სახლთან ახლოს სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული. ის ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალი წარედგინა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და გარყვნილი ქმედების მუხლებით. ნებიერიძეს უვადო პატიმრობა ემუქრება.