ტყიბულში ცნობილი ბრენდების ქურთუკებს შეკერავენ

საწარმოში დამზადებული პროდუქცია ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ქურთუკების საწარმო გაიხსნება, იუწყება საქართველოს მთვარობის ვებგვერდი.

პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარია, ტყიბულში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც პირველ ეტაპზე 300-მდე ადამიანი დასაქმდება. გამოშვებული პროდუქცია კი ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისთვის იქნება გათვლილი.

საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარდგა

შეთანხმება, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელ საწარმოს შექმნას ითვალისწინებს, „ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიასთან” საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შანხაიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და „ძიანგსის ჰუაჟაო მენეჯმენტის კომპანიის" გენერალურმა დირექტორმა სია ტუძიემ. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

მამუკა ბახტაძე ჩინელ ბიზნესმენებს ერთობლივ პროექტებში იწვევს >>

ხამასთან ერთად, მამუკა ბახტაძემ და  კომპანიის მენეჯმენტმა ისაუბრეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც როგორც ქართულ, ისევე ჩინურ კომპანიებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ  მისცა. 

შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს საექსპორტო პოტენციალს და ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმს, რომელში მონაწილეობაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდასა და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

საქართველო ჩინეთთან ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვაჭრობს. ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. 2017 წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვამ 640,6 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩინეთში გააქვთ სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სპირტიანი სასმელები და, რა თქმა უნდა, ღვინო.

საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთთან და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.