ამერიკელი კინომწარმოებლები საქართველოთი დაინტერესდნენ

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილეს.
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ ჰოლივუდური კომპანიების მენეჯერები დაინტერესდნენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში".

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრები შედგა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Disney Studios, ABC Studios, Cable Networks, Marvel Studios, Lucasfilm, Paramount pictures, HBO და Universal pictures.

ქართული საპროდიუსერო კომპანიები ლოკაციების ამერიკულ გამოფენაზე წარდგებიან

ჰოლივუდური კინომწარმოებელი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერებმა და სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა საქართველოში კინოგადაღების პოტენციალი და შესაძლებლობები განიხილეს.

სააგენტოს დირექტორმა და პროგრამის წარმომადგენლებმა განიხილეს ყველა ის სამუშაო დეტალი, რომლებიც გადაღებებს ახლავს თან, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამერიკული მხრიდან.

„თითოეული კომპანიის ხელმძღვანელისთვის ძალიან მომხიბლავი ფაქტი იყო ის, რომ სახელმწიფოს აქვს ე.წ. Cash Rebate პროგრამა, რომელიც საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე დაბრუნებას ითვალისწინებს, დაბალი გადასახადები, მოქნილი და სწრაფი პროცედურები და, რაც მთავარია, მრავალფეროვანი, ოთხი სეზონის ლოკაციები“, – აღნიშნეს სააგენტოში.

საქართველოს ჰოლივუდელი პროდიუსერები და მენეჯერები სტუმრობენ

ქართული საპროდიუსერო კომპანიები 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ლოს-ანჯელესში მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების American Film Market ლოკაციების გამოფენაში მონაწილეობენ.

სააგენტოს ცნობით, გამოფენა ემსახურება საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციას. წარმოდგენილია კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ. Cash Rebate მექანიზმის შესახებ.