ქსოვილზე ხატვის ხელოვნება

სოფი ბეიტრიშვილი პროფესიით ინტერიერის დიზაინერია.  იგი აბრეშუმის ქსოვილით სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებს და აქსესუარებს ქმნის. ბალიშები, ჩანთები, შარფები და ნახატები ქსოვილზე  საოცარი ტექნიკით, სიზუსტითა და  ხელით იხატება.  სოფი ჩვენს მკითხველს ბატიკაზე უმაბობს.
Sputnik

ნინი რაზმაზე 

– სოფი, რამდენი ხანია რაც ხატავთ?

– როგორც ყველა ბავშვს, პატარაობაში  მეც მიყვარდა ხატვა, ამაში გარემოც ხელს მიწყობდა. დედა პროფესიით მხატვარია, თავად ქმნიდა სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს და  მეც ხალისით ვერთვებოდი საქმიანობაში. მან გამიღვივა ინტერესი ხელოვნებისადმი. არ მომწონდა სტანდარტული ნივთები. ყოველთვის მქონდა სურვილი სახლისთვის საკუთარი ხელით შემექმნა  დეკორაციები  და აქსესუარები. აწორედ ამიტომ ავირჩიე პროფესიად დიზაინი. სწავლის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე ქსოვილზე ხატვის შესწავლა.  ბატიკა ეს ერთ-ერთი უძველესი ტექნიკაა, რომლის სამშობლოდ ინდონეზია ითვლება. ვინაიდან ქსოვილზე ამ ტექნიკით ხატვა რთული და შრომატევადი პროცესია, ასეთი სამოსის ტარება თავდაპირველად მხოლოდ არისტოკრატების პრივილეგია იყო. 

ქსოვილზე ხატვის ხელოვნება

– რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს?

– დღეს ჩემი შემოქმედება მოიცავს დეკორატიულ ნახატებს, შარფებს, (დეკორატიულ) ბალიშებს, ჩანთებს. გეგმაში მაქვს განათებებზე მუშაობა. ტექსტილი ინტერიერის დიზაინში და ქალის აქსესუარები – ეს არის საქმე,  რითიც ახლა ვარ დაკავებული.

– საქართველოში რამდენად პოპულარულია ბატიკა?

– აბრეშუმზე ხატვა, კერძოდ ბატიკა, ნელ-ნელა პოპულარული ხდება საქართველოშიც. მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში.  მიუხედავად დროის სიმცირისა, პერიოდულად ვატარებ ბატიკის ვორქშოპებს. ძალზე მიხარია, რომ დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა მატულობს. 

ქსოვილზე ხატვის ხელოვნება

– რთული არ არის აბრეშუმზე მუშაობა?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა, უამრავი ქსოვილი და საღებავი გავაფუჭე. დროთა განმავლობაში კი დავხვეწე ნამუშევრები. დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა ამ კუთხით, თუმცა,  სულ ძიების პროცესში ვარ, ახლის აღმოჩენა მაბედნიერებს და სტიმულს მაძლევს. როგორც აღვნიშნე ქსოვილის მოხატვა საკმაოდ რთული სამუშაოა, სიზუსტეს და დაკვირვებას მოითხოვს. მაგალითად,  შარფისთვის განკუთვნილი აბრეშუმი ძალიან ნაზია, სიფრთხილე სჭირდება,  რათა არ დაზიანდეს.

– მუშაობის პროცესზე გვიამბეთ...

– რამდენიმე ეტაპს გამოვყოფ. აბრეშუმის მოხატვა მთლიანად ხელით ხდება. თავდაპირველად საჭიროა იდეა. ესკიზი ფანქრით დაიტანება ქსოვილზე, შემდეგ კი დიდი სიზუსტით უნდა დარეზერვდეს კონტურები წყალგაუმტარი რეზერვით, რათა საღებავმა არ გამოჟონოს. კარგად გაშრობას ველოდები  და ვიწყებთ დაფერვას. საღებავი უნდა იყოს სპეციალურად აბრეშუმისთვის განკუთვნილი, რომელიც გარეცხვის შემდეგ ფერს არ იცვლის. 

ქსოვილზე ხატვის ხელოვნება

– ხელით ხატავთ აბრეშუმზე , მსგავს რამეს ხშირად ვერ ნახავთ  საქართელოში,  როგორ გგონიათ რატომ?

– ხშირად მინიატურული დეტალებია მოსახატი, რაც დიდ ნებისყოფას მოითხოვს, ვფიქრობ ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ცოტა ადამიანი არის დაკავებული ამ საქმიანობით.  საქართველოში რთულია სამუშაო მასალის მოძიება, გვიწევს მუდმივად უცხო ქვეყნიდან გამოწერა, რაც შემდგომ ხელნაკეთი ნივთის ღირებულებაზეც აისახება.

– რატომ აირჩიეთ აბრეშუმი?

– ზოგადად,  აბრეშუმი ყველაზე ძვირფასი ქსოვილია თავისი ბუნებრივობის გამო, თვისებებიც შესაბამისი აქვს, კერძოდ: სინაზე. სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით არ იმუხტება. როგორც ამბობენ, იგი  ადამიანის კანს იცავს სხვადასხვა დაავადებებისგან, სინოტივის შეწოვის უნარი აქვს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. აბრეშუმი შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს, ამგვარადაც იცავს კანს. ამ თვისებებმა გამოიწვია ჩემი განსაკუთრებული სიყვარული აბრეშუმისადმი. ყოველთვის ვურჩევ ადამიანებს, როგორც სამოსში ასევე ინტერიერში გამოიყენონ  ნატურალური (ბუნებრივი) მასალა და  ნივთები. 

ქსოვილზე ხატვის ხელოვნება

– პირველი ნამუშევარი და ემოცია?

– ჩემი პირველი ნამუშევარი რომელიც ამ ტექნიკით დავხატე, ჩარჩოში ჩავსვი. მიუხედავად იმისა, რომ დილეტანტის ნამუშევარია, ძალიან მიყვარს.  დროთა განმავლობაში მივხვდი,  რომ ეს საქმიანობა ჩემს ბუნებასთან ძალიან ახლოსაა. ბატიკა საშუალებას მაძლევს ფერებით გადმოვცე ჩემი შინაგანი სამყარო და ამ პატარა დეტალებით ბედნიერება მივანიჭო ადამიანებს.

– საკუთარი სახელოსნო  გაქვთ?

– ერთი წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა გავხსენით სტუდია–სახელოსნო „სპექტრუმი“, სადაც ერთად ბევრი საინტერესო რამე შევქმენით. ინტერიერის დიზაინი, ტიხრული მინანქარი, დეკორატიული ნივთები, გარდა ამისა,  ტარდებოდა არტ–თერაპია ბავშვებისთვის, ბატიკის ვორქშოპები. ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ და ახლა დამოუკიდებლად განვაგრძობთ ჩვენს  საქმიანობას. 

ქსოვილზე ხატვის ხელოვნება

– სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.

– ჩემი უახლოესი გეგმა არის სტუდია–სახელოსნოს გახსნა, სადაც თავს მოვუყრი ჩემ ნამუშევრებს და ყველა მსურველს ექნება საშუალება დაათვალიეროს და შეიძინოს ხელნაკეთი ნივთები. ასევე სტუდიაში ჩატარდება ბატიკის ვორქშოპები, სხვადასხვა მასტერკლასები, მოეწყობა ხელოვანთა შეხვედრები.  იმედი მაქვს მომავალ წელს დიდიხნის სურვილს ავიხდენ მოვაწყო ჩემი ფერადი ნივთების პერსონალური გამოფენა.