ახმეტაში ორ ეკლესიას უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს
Sputnik

თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. ახმეტაში,  სოფელ ძიბახევსა და სოფელ მაღრაანში მდებარე ორ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისი ბრძანება უწყების დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გასცა.

სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ძიბახევში (ჯოყოლას თემი) მდებარე IX-X საუკუნეების ძიბახევის ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით დუღაბზე.

„არქიტექტურული დეტალები შირიმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი. სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა. ცენტრალური და სამხრეთის სივრცე ერთდროულად აუგიათ, ჩრდილოეთისა კი მოგვიანებით. ცენტრალური ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომლის ღერძზე ორივე მხრიდან ნალისებრი თაღით დასრულებული სარკმელია გაჭრილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, სავარაუდოდ სამეკლესიანი სტრუქტურა, ნალისებრთაღოვანი სარკმელი და აფსიდი.

რაც შეეხება სოფელ მაღრაანში მდებარე „როჭკაანთ“ საყდარს, იგი  შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანი ყოფილა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელი იყო გაჭრილი.

„კამარა და კონქი ჩამოშლილია, კედლები გარღვეულია და ზედა ნაწილი მორღვეული. ინტერიერი დაფარულია ნაშალი ფენით“, - ნათქვამია განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მინიჭება დაცვის მეტ გარანტიას გულისხმობს. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მას გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება აქვს, ან თუ ის დაკავშირებულია მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენასთან ან პიროვნებასთან.

2013 წლამდე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიას ძეგლს საქართველოს პრეზიდენტი ანიჭებდა, ხოლო 2013 წლიდან — საქართველოს მთავრობა.