თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. დიპლომატები მიხეილ ნინუა და ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მოადგილეებად დაინიშნენ, შესაბამისი ბრძანებები პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უკვე გამოსცა.
საგარეო უწყებაში თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მინისტრის რიგი მოადგილეები უცხოეთში საქართველოს ელჩებად დაინიშნენ.
მარგველაშვილმა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა>>>
მიხეილ ნინუას სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2005-2006 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მუშაობდა. მოგვიანებით ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები. 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა საერთაშორისო ნავთობმოპოვებითი კომპანიების წარმომადგენლობებს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში.
ალექსანდრე ხვთისიაშვილი კარიერული დიპლომატია. მინისტრის მოადგილედ წარდგენამდე 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს. მანამდე ოთხი წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი.