საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ძებნილი ბოროტმოქმედი დააკავა

პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშემ მონაწილეობა მიიღო გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ოპერაციაში, რომელიც უკრაინაში ჩატარდა.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, რომელიც პოლონეთში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშედ მუშაობს, 39 წლის მამუკა ხეცურიანის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, რომელიც გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის პოლონეთის მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ნათქვამია უკრაინის ნაციონალური პოლიციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე უკრაინაში დააკავეს>>>

გამსახურდია პოლონეთისა და უკრაინის სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ სპეციალურ ჯგუფში შედიოდა, რომელიც ხეცურიანის დაკავების მიზნით შეიქმნა. ბრალდებულის დაკავების ოპერაცია უკრაინაში ჩატარდა. პოლონეთის ხელისუფლება ხეცურიანს პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში სდებს ბრალს.

ქართველი კანონიერი ქურდი „თენგო გალსკი“ წელს უკრაინიდან უკვე მეორედ გამოაძევეს

ახალგაზრდა ქალი 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს აღმოაჩინეს. პოლონეთის პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულმა 20 ოქტომბერს დატოვა ქალაქი, ხოლო 21 ოქტომბერს უკრაინა–პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა.

„ძებნილის დაკავება უმოკლეს ვადებში მოხდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიონალური მუშაობისთვის", – განუცხადა გამსახურდიამ უცხოელ კოლეგებს.

აღსანიშნავია, რომ ხეცურიანთან ერთად ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე და ბელარუსის ერთი მოქალაქე არიან დაკავებული. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.