თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საავტორო თოჯინის მეორე საერთაშორისო ფესტივალის ArtDoll Tbilisi მონაწილეებმა თავიანთი ნამუშევრები მსოფლიო კინოსა და ლიტერატურის პერსონაჟებს მიუძღვნეს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს" ფესტივალის დამფუძნებელმა, თოჯინების დიზაინერმა იულია სოროკინამ.
ფესტივალი 2-4 ნოემბერს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზემსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ტარდება. მასზე წარმოდგენილი არიან თოჯინის დიზაინერები აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან.
ოსტატებმა შექმნეს ისეთი საკულტო პიროვნებების თოჯინები, როგორებიც არიან სერგო ფარაჯანოვი, ფრიდა კალო. ჩარლი ჩაპლინი, ფრეკენ ბოკი.
„საავტორო თოჯინის ფესტივალი – ეს, პირველ რიგში, ქალაქის სიხარულია, რადგან ასეთი ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა ყველას არა აქვს. ჩემთვის ძალზე საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი, ნახოს ასეთი უნიკალური ნამუშევრები“, – აღნიშნა სოროკინამ.
თავისი შთაბეჭდილებები „Sputnik–საქართველოს“ გაუზიარა გერმანული ჟურნალი „თოჯინები და სათამაშოების“ ავტორმა სებასტიან მარკვარდტმა.
„საქართველოში პირველად ვარ, და პირველად ვხედავ ქართველი ოსტატებისა და მხატვრების ამდენ თოჯინას. ეს შესანიშნავია! ძალიან საინტერესო ფესტივალია, რადგამ ქართველებთან ერთად ავტორიტეტულ საერთაშორისო მხატვრებსაც წარმოადგენს“, – აღნიშნა მარკვარდტმა.
თბილისში საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს ცნობილმა ოსტატებმა: ელენა ტუმინსკაიამ, მიხაილ ზაიკოვმა, ირინა ჩერეპანოვამ, ოქსანა ფიოდორენკომ, ირინა ჩეჩეტკომ, მარატ კარაევმა, ვიქტორია ცეიტელმანმა, ოქსანა ვოროპაიმ, ფარვიზ ჰუსეინოვმა, ირინა კოდრესკო-ლუმიერმა, ვლადლენამ და სხვებმა.
ქართულ თოჯინურ ხელოვნებას ArtDoll Tbilisi-ზე 25-მდე ოსტატი წარმოადგენს. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ექსპონატების ყიდვა.
ფესტივალის ფარგლებში უკრაინელი მხატვარი ვიქტორია ცეიტელმანი თოჯინის სახის გამოძერწვაში მასტერ-კლასს ჩაატარებს.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს თოჯინების გაერთიანება GeoDoll ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფინანსური მხარდაჭერით.