აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა: საქართველოში შედეგები შეაჯამეს

მიმდინარე წელს მავნებლის წინააღმდეგ საქართველოში დაახლოებით 49 მლნ ლარი დაიხარჯა.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა მასშტაბურმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა სიმინდის მოსავლის შენარჩუნება, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ფიტოსანიტარმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე.

საკოორდინაციო შტაბი აბაშაში მდებარეობს და სხდომაზე 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები შეაჯამეს.

„რეგიონებში სტრატეგიულმა და სისტემურმა მიდგომამ სიმინდის უხვი და მაღალი ხარისხის მოსავალი განაპირობა", – აღნიშნა ლიპარტიამ.

მისი სიტყვებით, 2018 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა გასულ წელთან შედარებით უფრო მასშტაბური იყო. კერძოდ, ქიმიური პრეპარატებით 780 ათასამდე ჰექტარი ფართობი დამუშავდა.

მიმდინარე წელს მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარი გამოუყო.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები, სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში – სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში ჩატარდა, სადაც ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით დაამუშავეს.

ტყის პერიმეტრებზე დამონტაჟდა „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის გავრცელება ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.

ლიპარტიას განცხადებით, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თხილის მოსავლის დაზიანება დიდწილად განაპირობა სოკოვანმა და ბაქტერიულმა დაავადებებმა, რაზეც ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით აქტიური მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და ის, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.