რატომ უნდა შევაყვაროთ პატარას წიწიბურა და როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფაფა

იცით, საიდან მოაღწია ჩვენამდე წიწიბურამ და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია მას? ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი თამარ ობგაიძე მოგითხრობთ
Sputnik

წიწიბურა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიაში შედის. მისგან ამზადებენ ფაფას, გარნირს, უმატებენ სუპში და სხვ. შეიძლება ითქვას, რომ თავისი გემოს წყალობით ის ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს.

იცით, საიდან მოაღწია ჩვენამდე წიწიბურამ და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია მას? ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი, ბლოგერი თამარ ობგაიძე მოგითხრობთ.

რატომ უნდა შევაყვაროთ პატარას წიწიბურა და როგორ მოვამზადოთ გემრიელი ფაფა

წიწიბურას სამშობლო ინდოეთი და ნეპალია. ჰიმალაიში ახლაც გვხვდება წიწიბურას გარეული ჯიშები. ამ ქვეყნებში საუკუნეთა განმავლობაში წიწიბურას შავ ბრინჯს უწოდებდნენ. სასოფლო-სამეურნეო კულტურად ის 5000 წლის წინ იქცა. აზიისა და ევროპის ქვეყნებში, ასევე კავკასიაში წიწიბურა, სავარაუდოდ, მონღოლებთან ერთად მოვიდა.

ამ საოცარ მცენარეს არ ეშინია სარეველების, პირიქით, ის თვითონ აშინებს უსარგებლო მცენარეებს. სწორედ ამიტომ წიწიბურას მოსაყვანად პესტიციდებისა და სასუქების გამოყენება ძალიან ხშირად საჭირო არ არის. გარდა ამისა, არ არსებობს გენური ინჟინერიით მიღებული წიწიბურაც.

წიწიბურა შეიცავს უნიკალურ ცილებს, რომლებსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს. მის შემადგენლობაშია ასევე შეუცვლელი ამინომჟავები არგინინი და ლიზინი. მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რაც აუმჯობესებს ორგანიზმში ლიპიდების ცვლას, ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას. წიწიბურა უხვად შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, რაც ხელს უწყობს ნაწლავების პერსიტალტიკის გაძლიერებას, მეგობარი ბაქტერიების გაძლიერებას და ყაბზობის პროფილქტიკის საუკეთესო საშუალებაა. 

მარგებელი და მავნებელი ფაფები: გავრცელებული მითები და აუცილებელი განმარტება დედებისთვის

წიწიბურა ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, რომელთა დიდი ნაწილი ძნელად შესათვისებელია, ამიტომ პატარა ბუთხუზებისათვის ის დიეტური საკვებია. წიწიბურა იოდის, თუთიის, მოლიბდენის, სპილენძის, რკინის, ასევე B1, B2, PP, E ვიტამინების საუკეთესო წყაროა.  ფოლიუმის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს სისხლწარმომქმნელ პროცესებს, წიწიბურაში 5-ჯერ მეტია, ვიდრე სხვა ბურღულეულში, ამიტომ ის ანემიის დროს საუკეთესო საკვებია.

შეიცავს ფოსფორს და კალციუმს, რაც აუცილებელია ბავშვის ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წიწიბურა ჰიპოალერგიული ბურღულია. არ შეიცავს გლუტენს. ადვილი მოსანელებელია და ამიტომ ვირჩევთ პირველ ბურღულად ჩვილების კვებისათვის.

როცა წიწიბურას არჩევთ, უპირატესობა ყოველთვის უფრო ღია ფერის ბურღულს მიანიჭეთ, ის უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. 

ასე ნაცნობი და უცნობი წიწიბურა თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

შეგახსენებთ, ჯანმრთელი კვების თანამედროვე პრინციპების მიხედვით, რასაც „ჩემი თეფში“ ჰქვია, ბურღულეული დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეიცავდეს.

წიწიბურა პატარას შეგიძლიათ ბოსტნეულთან ან ხილთან ერთად შესთავაზოთ.

აი, ორი საინტერესო და გემრიელი იდეა 5-6 თვის ასაკიდან:

  • პატარა ზომის დაჭრილი ყაბაყი მოთუშეთ 5-6 წუთის განმავლობაში. ერთ კარგად სავსე სუფრის კოვზ დაფქულ წიწიბურას დაასხით წყალი და მოხარშეთ კრემისებური მასის მიღებამდე. ჩაამატეთ მოშუშული ყაბაყი. მიღებული მასა ათქვიფეთ ბლენდერით და დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
  • ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი წიწიბურას ფქვილი ქვაბში, დაუმატეთ რამდენიმე ცალი ქიშმიში, შავი ქლიავისა და ჭერმის თითო ჩირი - დაჭრილი. მოხარშეთ, დაამატეთ პასტერიზებული რძე ან ხელოვნური ნარევი (თუ პატარა ხელოვნურ კვებაზე გყავთ) და ათქვიფეთ მიქსერით. მიღებულ ერთგვაროვან მასას დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.