„სუხიშვილები" შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარება

ანსამბლი საქართველოს დედაქალაქში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები" და საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული" 16 ნოემბერს უპოვართა დახმარების მიზნით გაერთიანდებიან.

„განა ეს საოცრება არ არის?!“ – Euronews–ი სუხიშვილების შემოქმედებით აღფრთოვანებულია

თბილისში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან პატარა უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომელიც ექვს წელზე მეტია შეჭირვებულ მოსახლეობას ცხელი სადილით უმასპინძლდება. სასადილოში ყოველდღიურად 150-200 ადამიანი იკვებება. ბევრი სტუმრისთვის სასადილო სრულფასოვანი კვების ერთადერთი შანსია, აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

როგორც აღინიშნება, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო სასადილო დახურვის პირასაა და შეიძლება ვეღარ მოახერხოს ასობით ადამიანის გამოკვება. მათი დახმარების მიზნით ცნობილმა ანსამბლმა საქველმოქმედო კონცერტის გამართვა გადაწყვიტა.

საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) 20:00 საათზე დაიწყება. „სუხიშვილები" მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარდგება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ფილარმონიის სალაროებში, ისე ონლაინ. კონცერტიდან შემოსული თანხა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებულ სასადილოს გადაეცემა.