შსს: საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

საქართველოს მაშტაბით დაფიქსირდა შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომელთაგანაც  15 ფაქტი გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა, ხოლო შვიდ საქმეზე კი გამოძიება დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ამ ეტაპზე არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციაში შემავალი შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება.

ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისათვის: საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა 38, 17 % მივიდა>>

მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ გადამოწმების შედეგად 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ხოლო შვიდ საქმეზე კი, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის, გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამასთან, მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს, კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი და „ქართული ოცნების" ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ჩუგოშვილი ოპონენტებს: ქვეყანას მიეცით საშუალება, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს

დარჩენილ შვიდ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. ვინაიდან შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი სხვადასხვა სარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე.

„გვსურს ასევე გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობის შესახებ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 მისი თქმით, ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს. იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციის მიერ მოხდება თითოეული ინფორმაციის გადამოწმება, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას.