ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მეხანძრე-მაშველი – N 112

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ გადაწყვიტა ერთი დღით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველი გამხდარიყო.
Sputnik

რუბრიკამ „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ საკუთარ თავში ბევრი ისეთი თვისება აღმომაჩენინა, რაზეც ადრე წარმოდგენაც არ მქონდა. ვისი როლი არ მოვირგე და ვინ აღარ ვიყავი: ბორტგამცილებელი, თოვლის ბაბუა, მოდელი, მექისე, ბარმენი, მიმტანი, გველების მომვლელი, მებაღე, ფიტნეს-ინსტრუქტორი...

ამჯერად, სანამ მეხანძრე-მაშველის პროფესიას მოვირგებ, ერთ ამბავს მოგიყვებით: რამდენიმე დღის წინ საკუჭნაოში გადანახული ძველი სკივრი გავხსენი და ჩემი მეოთხე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის საშინაო დავალების რვეული ვიპოვე. იქ 15 წლის წინ დაწერილ თავისუფალ თემას მივაგენი სათაურით „თანამედროვე გმირი“. ცალხაზიან რვეულში ეწერა:

„12 მარტი. საშინაო დავალება. თავისუფალი თემა: თანამედროვე გმირი

„გმირები ფიცს დებენ. მათ ყველა ადამიანის გადარჩენის სურვილი აქვთ. ისინი ურჩხულებთან იბრძვიან. არ ვიცი, ყველას შეუძლია თუ არა გახდეს გმირი. გიორგი ჩემი მეგობარია. ერთი დღის წინ გიორგის სახლში ცეცხლი გაჩნდა. მისმა დედამ და მამამ სახანძროში დარეკეს და იქიდან მოსულმა მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს. ჩემთვის თანამედროვე გმირი არის კაცი, ვინც იგი გადაარჩინა. მეც მინდა ვიყო გმირი და ადამიანებს ვუშველო“.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მეხანძრე-მაშველი – N 112

წავიკითხე და გამახსენდა ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება, რომ გმირობა ჩამედინა. თავი წარმოვიდგინე იმ უშიშარი მეხანძრე-მაშველის ადგილზე, რომელმაც გიორგი ხანძრიდან გამოიყვანა. ჩემთვის ყველა მეხანძრე-მაშველი ახლაც გმირია, რადგან ეს პროფესია მათ სიცოცხლის რისკის ფასად სხვების გადარჩენას ავალებს. და ისინი ამ პროფესიას თავად ირჩევენ.

დრო გავიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე წერილების წერა ისევ გავაგრძელე. ახლა ამ წერილებს სტატიებს ვეძახი: „ადგილზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების გამო მეხანძრე–მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა...“; „მწვადების კვამლი ხანძარი ეგონათ – გასულ ზაფხულს მწვადების შეწვით გამოწვეული კვამლის გამო თბილისში მეხანძრეები ხუთჯერ გამოიძახეს...“; „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის შესახებ შეტყობინება 5:27 საათზე მიიღო და პირველი სახანძროც ადგილზე 6 წუთში მივიდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა...“; „13 ივნისს თბილისში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობისას მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა დაღუპვამდე რვა ადამიანი სიკვდილისგან იხსნა“... ისინი ორჯერ არ ფიქრობენ, მათ სულ ყველა ადამიანის გადარჩენა უყვართ... ისტორიას კი გმირები უყვარს.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მეხანძრე-მაშველი – N 112

ზოგჯერ ამ სფეროშიც ხდება გაუთვალისწინებელი კურიოზები. ამაზე გამახსენდა, ცოტა ხნის წინ ქართველმა მეხანძრეებმა ერთ-ერთი რიგითი გამოძახების დროს როგორ განახორციელეს საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია და „შემთხვევის“ ადგილზე მისულებს როგორ დახვდათ მოქალაქე, რომელიც... აუღელვებლად (და ვინ იცის, ღიღინითაც კი) მაყალზე მწვადებს აშიშხინებდა... მოქალაქეებს მწვადისგან ავარდნილი ოხშივარი ხანძრის კვამლი ეგონათ და სახანძრო ბრიგადასაც ამიტომ გამოუძახეს. მერე რა, რომ მათ ამჯერად გმირობის ჩადენის შანსი არ მიეცათ. მთავარია, რომ ისინი ამისთვის მზად იყვნენ და თან ყველაფერმა მშვიდობიანად (მხიარულადაც კი) ჩაიარა...

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მეხანძრე-მაშველი – N 112

მინდა გავაგრძელო „საშინაო დავალება“ და სათაური უცვლელად დავტოვო.

გმირები ფიცს საზეიმოდ დებენ. ფიცი, ეს უბრალოდ ფორმალობაა, ისევე, როგორც საქორწინო ცერემონია, ხელის ჩამორთმევა ან ერთგულების დაპირება... თუმცა საინტერესოა მათი ფიცის მოსმენა. ფიცით დაპირება კი ასე იწყება: „ვიღებ რა მეხანძრე-მაშველის საპასუხისმგებლო ჟეტონს და ვიწყებ სამაშველო საქმიანობას, საზეიმოდ ვფიცავ: კეთილსინდისიერად და ღირსეულად აღვასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი...“

მე ფიცის დადება ოფიციალურად არ მომიხდა, მაგრამ მორალურად მზად ვიყავი მის შესასრულებლად. მაშ ასე, სიმბოლური სირენის ხმაზე ჩემი საგანგებო დღეც მეხანძრის რანგში ასე დაიწყო:

მორიგე ცვლა შევიკრიბეთ. გასვლა დადგენილი წესის მიხედვით, რამდენიმე წამში უნდა განხორციელდეს. განგაშის სიგნალის მიცემისთანავე მორიგე ცვლის პირადი შემადგენლობა სახანძრო ავტომობილებთან შევიკრიბეთ. მორიგე ცვლის სათავსებსა და ავტოფარეხში განათების ჩართვა ავტომატურად მოხდა. მეხანძრე-მაშველების ყაზარმიდან გასასვლელ ადგილამდე იქვე დამაგრებულ ბოძზე ჩამოსრიალების დროს, ტრავმის თავიდან აცილების მიზნით, პირადმა შემადგენლობამ უნდა დაიცვას საჭირო ინტერვალი და ყურადღება მიაქციოს წინ ჩამსვლელს, თან ეს ყველაფერი საჭირო დროში უნდა მოხდეს.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მეხანძრე-მაშველი – N 112

ზარის შემოსვლიდან ერთ წუთში ბრიგადა უკვე გზაშია. მე მითხრეს, რომ ჩემი გმირობის არეალი აქ მთავრდებოდა და ჩაცმული დამტოვეს... ვფიქრობდი, პუბლიკაციაში სულ იმას ჩავუწერ, მთელი დღე დომინოს თამაშობენ–მეთქი... მაგრამ წესი წესია...

ავტოფარეხიდან გამოსვლისა და გამოძახების ადგილისკენ მსვლელობის დროს მძღოლი ვალდებულია ჩართოს სპეციალური ხმოვანი სირენა და ისარგებლოს მოძრაობის უპირატესობით მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდება, რომ გზა დაუთმეს. ხანძრის დაზვერვა ტარდება განუწყვეტლივ, დანაყოფის ხანძარზე გასვლის დროიდან მის ლიკვიდაციამდე. მაგალითად, საცხოვრებელ სახლებში ხანძრის ჩაქრობის დაწყებამდე საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: გაზგაყვანილობაზე საკვალთეების გადაკეტვა; ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა; სათავსიდან კვამლის მოცილება და ტემპერატურის დაწევა; გაზის ბალონების აღმოჩენისას მათი გაგრილება და ევაკუაცია წყლის ჭავლის დაცვის ქვეშ.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მეხანძრე-მაშველი – N 112

ხანძრის დროს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს განეკუთვნება:

1. მაიზოლირებელი კოსტიუმები - სითბურდამცავი;

2. სპეცტანსაცმელი - კომბინიზონები, ქურთუკები, შარვლები, ხალათები, ჟილეტები, ქურქი, ნახევარშუბა;

3. სპეცფეხსაცმელი - ბათინკები, ბოტები;

4. სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებები - გაზსაწინააღმდეგოები, რესპირატორები;

5. ხელების დამცავი საშულებები - სახელოები, ხელთათმანები;

6. თვალების დამცავი საშუალებები - დამცავი სათვალეები;

7. წინასწარდამცავი საშუალებები - დამცავი ქამრები, კარაბინები, დეიელექტრული ბოტები, „კოვრიკები“;

8. დამცავი დერმატოლოგიური საშუალებები - კრემები, მალამოები, სარეცხი საშუალებები.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მეხანძრე-მაშველი – N 112

ერთდღიანი გამოცდილების მქონე მეხანძრე-მაშველის რჩევა „როგორ უნდა მოიქცეთ ხანძრის დროს“ თუ არც ისე საიმედო იქნება თქვენთვის, მაშინ გეტყვით, როგორ არ უნდა მოიქცეთ:

- არ შეაფასოთ თქვენი ძალები და შესაძლებლობები გადაჭარბებულად (ყველა გმირი ვერ იქნება);

- ნუ ჩაიგდებთ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ქონების გადასარჩენად (გაიხსენეთ, რა ღირს თქვენი სიცოცხლე);

- თუ გსურთ იხილოთ მოსული მეხანძრე-მაშველები, ნუ შეეცდებით ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობების ჩაქრობას წყლით;

- თუ გსურთ გიპოვონ მეხანძრე-მაშველებმა, თქვენივე უსაფრთხოებისთვის გთხოვთ კარადაში, საკუჭნაოში, კუთხეში და ა.შ. ნუ დაიმალებით;

- აკრძალულია ლიფტით სარგებლობა მაშინაც კი, როცა ის უფასოა;

- თუ თქვენ არ ხართ ადამიანი ობობა, სართულებიდან ბაწრით, ზეწრით, წყალსადინარი მილით დაშვების იდეა დაივიწყეთ;

- ნუ გადაწყვეტთ ოთახის განიავებას ხანძრის დროს, რადგან ფანჯრების და კარებების გაღება ზრდის ჟანგბადის მიწოდებას და აძლიერებს წვას;

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: მეხანძრე-მაშველი – N 112

- ნუ ჩავარდებით პანიკაში, ეს არაფერში დაგეხმარებათ.

ჩემ არეალზე დარჩენილმა, თხოვნის შემდეგ ოცმეთაურები და სამაშველო ჯგუფი დავითანხმე ესწავლებინათ, თუ როგორ უნდა დავეშვა თოკით მესამე სართულიდან. თავიდან თუ ჩემსავით თოკებში აიბლანდებით, არ შეშინდეთ, ბოლოს და ბოლოს თქვენ ხომ მაშველების გვერდით ხართ.

სასწავლო კოშკი განთავსებულია სახანძრო-სამაშველო დეპოს ეზოში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე. აქვს დარაბები ჩამკეტი მოწყობილობებით. სახელოების სამაგრები არის უზრუნველყოფილი სამარჯვებით.

ეს ბიჭები არც დამღლელი დღის და 24-საათიანი მორიგეობის შემდეგ კარგავენ იუმორის გრძნობას. ახალწვეულებს ისინი პატარ-პატარა ოინებს უწყობენ, ისევე, როგორც ეს ჯარში ხდება. მაგალითად, ჩამოსასრიალებელ ბოძზე აცოცება სავალდებულო რომ არ არის, ამას მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ხვდებიან ახალმისულები; ან, კიდევ, წყლის შლანგის გაბერვის წარუმატებელი მცდელობისას სასჯელიც მათი ფანტაზიის (და იუმორის) სფეროდანაა...

რუბრიკას, რომელმაც მოგზაური გამხადა, კიდევ ერთი პროფესია დაემატა. მეხანძრე-მაშველის პროფესია ერთ-ერთი საიმედო პროფესიაა ქვეყანაზე. არ არსებობს ხანძარი, რომელსაც ისინი ვერ ჩააქრობენ, მაგრამ ერთი ეგაა – გულში ანთებულ ხანძარს, ალბათ, მაინც ვერაფერს მოუხერხებენ...