მასობრივი მოწამვლა თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში

საბავშვო ბაღში აღებული კვების პროდუქტების ნიმუშების ანალიზის შედეგები ხუთ დღეში იქნება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის №46 საბავშვო ბაღის 15 აღსაზრდელი მძიმე მოწამვლის ნიშნებით – მაღალი ტემპერატურით, დიარეითა და პირღებინებით ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„ზედოზირებული" ლეგალიზაცია: თბილისში მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა

ტელეარხის ინფორმაციით, შემთხვევა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს კომპანიას, რომელიც საბავშვო ბაღს პროდუქტებით ამარაგებს. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მოთხოვნით პროდუქტები, რომლებიც საბავშვო ბაღში შეჰქონდათ, ლაბორატორიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს. შედეგები ხუთი დღის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ჩვენ პერმანენტულად ვამოწმებთ სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად არა მარტო რძის პროდუქტებს, არამედ ყველა პროდუქტს, რაც შედის ჩვენ ბაღებში", – განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ მათი პროდუქცია ხარისხის აუცილებელ შემოწმებას გადის.