სიმულაციური სცენარით მტრის ზურგში მოქმედება: ქართულმა სადაზვერვო ასეულმა სწავლება დაასრულა

სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც ქართველი სამხედროები სიმულაციური სცენარით მოქმედებდნენ პირობითი მტრის ზურგში.
Sputnik

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

სამინისტროს ცნობით, სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც ქართველი სამხედროები სიმულაციური სცენარით მოქმედებდნენ პირობითი მტრის ზურგში.

სწავლების დროს სადაზვერვო ასეულმა შეასრულა ტაქტიკური ამოცანები, როგორებიცაა: რეიდი, ჩასაფრება, კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირება, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, ტაქტიკური გადაადგილება ღამით, სამალავის დაკავება და მოქმედება სამალავში.

საველე წვრთნის მიზანს ტაქტიკური ამოცანების დროს ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება წარმოადგენდა. სამხედრო მოსამსახურეთა მოქმედებები I ქვეითი ბრიგადის შტაბის დამკვირვებლებმა შეაფასეს.