ბოლტონი საქართველოს ეწვევა – რა მოლოდინი აქვს თბილისს

პრემიერ ბახტაძის განცხადებით, ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი საქართველოში ვიზიტის დროს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.

ბოლტონი საქართველოს პარასკევს ეწვევა. თბილისში ტრამპის მრჩეველის ვიზიტი რუსეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს ტურნეს ფარგლებში შედგება. ბოლტონი უკვე იმყოფებოდა მოსკოვსა და ბაქოში.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოში ჩამოდის

„ბატონ ბოლტონს სექტემბერში ვაშინგტონში შევხვდი და ჩვენ გვქონდა არსებითი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე.

„ვიზიტის ფარგლებში გვექნება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი. საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და, უფრო მეტიც, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი. დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შედეგად ჩვენი ერთობლივი მოქმედების გეგმა გახდება კიდევ უფრო კონკრეტული და ამავე დროს კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის 1992 წელს დაიწყო, ხოლო განსაკუთრებით გააქტიურდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.

სტრატეგიული პარტნიორობა ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა, როდესაც ქვეყნებმა გააფორმეს „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმი.