კახეთში ქართული ზეთისხილის რთველი მიმდინარეობს

სოფელ საქობოში 300 ჰექტარ ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები შვიდი წლის წინ გაშენდა, პროდუქციის გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს გაიხსნა
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. კახეთში ყურძნის შემდეგ ზეთისხილის „რთელი“ დაიწყო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი „ქართული ზეთისხილი“, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.

„ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, ათეულობით წარმატებული საწარმო შეიქმნა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. ჩვენ ახლა სწორედ ასეთ საწარმოში ვიმყოფებით, სადაც ღირებულებათა ჯაჭვის უწყვეტი ციკლი მიმდინარეობს. იწარმოება როგორც ზეთისხილის პირველადი პროდუქცია, ასევე, ხდება ზეთისხილის გადამუშავება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ სოფელ საქობოში, სადაც მოსავლის აღება მიმდინარეობს.

სოფელ საქობოში 300 ჰექტარ ფართობზე ზეთისხილის პლანტაციები შვიდი წლის წინ გაშენდა, პროდუქციის გადამამუშავებელი ქარხანა კი 2016 წელს,  ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში გაიხსნა.

ზეთისხილის საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. კომპანიის ძირითად პროდუქციას ცივი გამოხდის მეთოდით მიღებული ზეითუნის ზეთი და საპონი - წარმოადგენს.

ზეთისხილის რთველში ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.