ქართული საპროდიუსერო კომპანიები ლოკაციების ამერიკულ გამოფენაზე წარდგებიან

ქართული საპროდიუსერო კომპანიები დაინტერესებულ პირებს საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს გააცნობენ.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ქართული საპროდიუსერო კომპანიები 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ლოს-ანჯელესში მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების American Film Market-ის ლოკაციების გამოფენაზე წარდგებიან, იტყობინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში".

სააგენტოს ცნობით, გამოფენა ემსახურება საქართველოს როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციას. წარმოდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.

ქართული ანიმაცია დიდ ეკრანებზე დაბრუნდება

კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამა „გადაიღე საქართველოში" ითვალისწინებს ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს (cashrebate), რაც ნიშნავს, რომ კინომწარმოებელი საქართველოში ფილმის გადაღებაზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 25%-ს უკან მიიღებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოფენაზე თავს იყრის 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი  კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი“, – აღნიშნეს სააგენტოში.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები Sarke Studio, Metro Production, 20 steps Productions, Film Asylum და Silk Factory Studio დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს.

საქართველო გერმანიის საუკეთესო კინოფესტივალის ფოკუსში მოხვდა

გარდა ამისა, ღონისძიების  ფარგლებში ჩანიშნულია შეხვედრები კინოინდუსტრიის ისეთ წამყვან წარმომადგენლებთან, როგორებიცაა: NBC Universal, Disney, HBO, Paramount.

ქართულ მხარეს საშუალება  ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიოს, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს დეტალურად გააცნოს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმი.

ქართული საპროდიუსერო კომპანიები აღნიშნულ გამოფენაზე 2017 წლის ნოემბერშიც იყო წარმოდგენილი.