საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ახალი პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე ორი წელი იმუშავებს.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არჩევნები 24 ოქტომბერს, ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომის ფარგლებში გაიმართა. ათაბეგაშვილს ხმა 41 დელეგატიდან 40-მა მისცა.

ათაბეგაშვილი ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო. დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე მოხსნა.

რატომ დატოვა თანამდებობა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა

ათაბეგაშვილი მანამდე ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო. ის პრეზიდენტის თანამდებობას ორი წლის განმავლობაში დაიკავებს.

ათაბეგაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ქევხიშვილი შეცვალა, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში ძიუდოისტთა ნაკრების სპორტსმენებთან კონფლიქტის გამო გადადგა. ძიუდოისტებმა განაცხადეს, რომ სანამ ქევხიშვილი არ გადადგებოდა, ისინი შეწყვეტდნენ ვარჯიშსა და საერთაშორისო არენაზე გამოსვლას.

ქევხიშვილის გადადგომა სპორტსმენებმა თელ-ავივში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ მოითხოვეს. ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს, რაც 1992 წლიდან მოყოლებული პირველი შემთხვევა იყო.

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების მთელი მწვრთნელთა შტაბი გადააყენეს მთავარი მწვრთნელის ირაკლი ცირეკიძის მეთაურობით.