სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები დღეს გაიმართება

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები პირველი არხის ეთერში საღამოს 10 საათზე დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018" 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე გაიმართება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ოპონენტები დებატებში პირველმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია. როგორც მან ადრე განაცხადა, მზად იყო, „შავი ძალების" ორივე სახესთან დებატებში მონაწილეობა მიეღო ნეიტრალურ სივრცეში.

ივანიშვილი: ზურაბიშვილი - პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია

საპრეზიდენტო კანდიდატების წარმომადგენლებმა დებატებში მონაწილეობა უკვე დაადასტურეს.

სალომე ზურაბიშვილი: შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში>>>

ექსპერტების აზრითა და გამოკითხვების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მთავარი ბრძოლა სამ კანდიდატს შორის გაიმართება: მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატ დავით ბაქრაძესა და გაერთიანების „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ გრიგოლ ვაშაძეს შორის.

26 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, ერთმანეთში შეთანხმების შემთხვევაში, დებატებისთვის საეთერო დროს უთმობს. კანონის შესაბამისად, დაგეგმილი დებატების განრიგი და რიგითობა საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში რეგისტრაცია პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა.