რა ელოდება ლარს: პროგნოზები და მიზეზები

ეროვნული ბანკის განცხადებით, მიუხედავად ლარის მერყეობისა, პანიკის საფუძველი არ არის.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საბროკერო კომპანია Galt & Taggart ვარაუდობს, რომ აშშ დოლარის მიმართ საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი 2018 წლის მეოთხე კვარტალში შემცირდება – იმპორტის ზრდისა და მოსახლეობის ნეგატიური მოლოდინების გამო.

აგვისტოს დასაწყისიდან ლარის ოფიციალური კურსი 2,5 ნიშნულს ქვევით არ ჩამოსულა. თუ 10 აგვისტოს მონაცემებს დღევანდელ კურსს შევადარებთ, ჩანს, რომ ქართული ვალუტა დაახლოებით 9,2%-ით გაუფასურდა.

„მეოთხე კვარტალში ველოდებით ლარის სეზონურ შესუსტებას საშუალო დონემდე 2.70-2.75 GEL/$1. სახელმწიფო ხარჯების მოსალოდნელ გაზრდას ადგილობრივ ვალუტაზე დამატებითი გავლენის მოხდენა შეუძლია", – აღნიშნულია კომპანიის მიმოხილვაში.

Galt & Taggart აღნიშნავს, რომ ლარის სეზონური სისუსტე დაკავშირებულია წინასაახალწლო დღესასწაულების წინ იმპორტის ზრდასთან, ენერგიის იმპორტის ზრდასთან, ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან, ასევე წლის ბოლოსთვის ლართან მიმართებით ნეგატიურ მოლოდინებთან, რაც 2014-2017 წლებში ჩამოყალიბდა.

რატომ იზრდება ბენზინის ფასი საქართველოში

საშუალოვადიან პერსპექტივაში კომპანია ლარის კურსს პროგნოზირებს 2.5 GEL/$1 ნიშნულზე.

ამის პარალელურად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ლარის კურსთან მიმართებით პანიკის საფუძვლები არ არის.

„საქართველოში გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომლისთვისაც მოკლევადიან პერიოდში დამახასიათებელი არის რყევები. შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ ნებისმიერ დღეს რამ გამოიწვია კურსის ან გაუფასურება, ან გამყარება... მცურავი გაცვლითი რეჟიმი არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა ნებისმიერი შოკი, რომელიც შეიძლება მოხდეს, ეკონომიკამ შეიწოვოს", – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის რაიმე ნიშნული მაჩვენებელი არა აქვს, რეგულატორის საზრუნავია ინფლაცია, რაც უფრო მნიშვნელოვანია.

რა ელოდება ლარს: პროგნოზები და მიზეზები

„ინფლაცია საქართველოში დაბალია. დღესდღეობით რაც გვაქვს, ეს არის მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ. როგორც მოგეხსენებათ, წლიური ინფლაცია 2.7 პროცენტია. ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რათა ინფლაცია ვაკონტროლოთ და დაბალ დონეზე შევინარჩუნოთ", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

Galt & Taggart წლიურ ინფლაციას პროგნოზირებს 2018 წელს 2,9%-ის, ხოლო 2019 წელს – 3,9%-ის დონეზე ლარის გაუფასურების ეფექტის გამო, ასევე მსოფლიო ბაზარზე მოსალოდნელი უფრო მაღალი ფასების გამო ნედლეულზე.