ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სულ ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ზურაბ იაკობაშვილმა (-70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (-97) მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ბუდაპეშტში (უნგრეთი) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იაკობაშვილმა სძლია მონღოლ ბიამბადორჯ ბატ ერდენეს - 10:0, ხოლო ოდიკაძემ უზბეკ მაგომედ იბრაგიმოვს - 5:2.

იაკობაშვილისთვის ეს მსოფლიო პირველობაზე მოპოვებული მეორე მედალია – გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე პარიზში მან უმაღლესი ჯილდო – ოქრო მიიღო, ხოლო ოდიკაძისთვის ეს მსოფლიო პირველობაზე პირველი მედალია.

მთლიანობაში, ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი მედალი მიიღეს – ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოსი. გენო პეტრიაშვილი +125 კგ წონით კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ავთანდილ კენჭაძე კი ვერცხლის მფლობელი გახდა 74 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. გამარჯვებული გახდა რუსეთი ნაკრები, მეორეზე გავიდა აშშ.

ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ამ სახეობაში საქართველოს 10 სპორტსმენი წარადგენს.