ესპანეთში ტონაზე მეტი კოკაინის გადატანისთვის ქართველი დააკავეს

ნარკომოვაჭრეთა ბანდა გემით ნარკოტიკების დიდი პარტიის თურქეთიდან ევროპაში შეტანას ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების ათი წევრი დააკავა. მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაკავება ატლანტიკის ოკეანეში, გემზე მოხდა. გემზე 1,4 ათასი კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს.

ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ: დაკავებულია 192 მოქალაქე და 7 პოლიციელი

მოლდოვის დროშით მცურავი გემი თურქეთიდან სამხრეთ ამერიკის სანაპიროებისკენ მიემართებოდა, თუმცა არც ერთ პორტში არ შედიოდა. შემდეგ კურსი ევროპის მიმართულებით აიღო. ამ დროისათვის გემი ლას პალმასის სამხედრო ბაზის პორტში იმყოფება.

საქართველოს მოქალაქის გარდა, პოლიციელებმა დააკავეს თურქეთის შვიდი, უკრაინის ერთი და ბულგარეთის ერთი მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები თურქული მაფიის წევრები არიან, რომლებსაც ევროპაში ნარკოტიკები უკანონოდ გადააქვთ და ნარკოტიკებით ვაჭრობენ.

ესპანეთის პოლიციამ საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავება აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შეძლო. ესპანელი პოლიციელების მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს მათ შეძლეს შვიდი გემის დაკავება, რომლებსაც ჯამურად 15 ტონა კოკაინი გადაჰქონდათ.