თბილისი მასპინძლობს ტურიზმის ინოვაციების მსოფლიო ფორუმს Welcome Challenge

თბილისში შეიკრიბნენ მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესო სტარტაპების შემქმნელები.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ თბილისში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გახსნა.

ფორუმში მონაწილეობისთვის საქართველოს დედაქალაქს ეწვივნენ მსოფლიოს 12 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესო სტარტაპების შემქმნელები. სტუმრებს შორის არიან ესტონეთის, ავსტრიის, აშშ-ის, ლატვიის, ლიტვის, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის წარმომადგენლები.

"ტურიზმი არის და დარჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად. ამ მიმართულებით საქართველომ ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. თუ 2016 წელს ჩვენ მეექვსმილიონე ტურისტის შემოსვლა ვიზეიმეთ, 2018 წელს 8-მილიონ-ნახევარი საერთაშორისო მოგზაურით დავხურავთ წელიწადს. ეს არ არის მხოლოდ ციფრები სტატისტიკის მიმართულებით. ასეთივე პროგრესია შემოსავლებში. სწორედ ამ ფონზე, როცა საქართველო მსოფლიოში აქტუალური ხდება, როგორც ერთ-ერთი ტურისტული მიმართულება... გადაწყდა ასეთი პროექტის განხორციელება", – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ ფორუმის გახსნაზე.

Welcome Challenge ერთმანეთთან დააკავშირებს ტურისტული სფეროს სხვადასხვა მოთამაშეს: წამყვან ექსპერტებს, ინოვაციური სტარტაპების ავტორებს, დიდი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ.

ბრიტანულმა ჟურნალმა თბილისს ევროპის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი უწოდა

ღონისძიება რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: დისკუსიები და მასტერ-კლასები, შეჯიბრება სტარტაპებს შორის, ინვესტორებთან შეხვედრა.

მასშტაბური ღონისძიება იმართება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით სახელმწიფო პროგრამის Check in Georgia ფარგლებში. პარტნიორია მსოფლიო ტურისტული ორგანიზაცია (UNWTO). ფორუმი 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ტურიზმის სფერო საქართველოში დინამიკურად ვითარდება. ტურისტების რიცხვის ზრდასთან ერთად ქვეყანაში იზრდება სასტუმროების მშენებლობა, ვითარდება ახალი ტურისტული მარშრუტები, მზადდებიან გიდები. ამასთან ერთად ხელისუფლება თანხებს არ იშურებს საზღვარგარეთ სარეკლამო კამპანიებზე – საქართველოს შესახებ წერენ ცნობილი გამოცემები, პოპულარული ტელევიზიები ქვეყნის შესახებ ვიდეორგოლებს გადასცემენ.