„კრიმოვის ლაბორატორია“ თბილისში ოსტროვსკის „უმზითვოს“ აჩვენებს

რუსული დასი ქართველ თეატრალებს თავის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დადგმას წარუდგენს
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ალექსანდრ ოსტროვსკის მიხედვით დადგმულ სპექტაკლ „უმზითვოს“ თბილისში რუსული თეატრი „კრიმოვის ლაბორატორია“ წარადგენს.

სპექტაკლის ჩვენება 27 და 28 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ის  ფარგლებში გაიმართება.

სად იყო თბილისის პირველი საოპერო თეატრი და რატომ დაანგრია ბერიამ თამამშევის ქარვასლა

სპექტაკლი „უმზითვო“ პოლონეთის ქალაქ ტორუნში გამართული 24-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალ „კონტაქტის“ ლაურეატია. მას გადაეცა ორი ჯილდო: „საუკეთესო რეჟისორი“ - დმიტრი კრიმოვი და „საუკეთესო მსახიობი ქალი“ - მარია სმოლნიკოვა (ლარისა ოგუდალოვას როლისთვის).

„მთავარი პერსონაჟია ერთგვარი „რუსი კარმენი“, თუმცა მას ახვევია არა რომანტიკული ტორეადორები და სამხედრო წესდების დამრღვევი ჯარისკაცები, არამედ საქმიანი ადამიანების სასტიკი იერარქიული გუნდი, რომლებსაც უცნაური და გამოგონილი სახელები ჰქვიათ. ეს გვაძლევს საშუალებას შევხედოთ მათ როგორც რუსული შავი კომედია „დელ არტეს“ პერსონაჟებს, ხოლო ოსტროვსკის როგორც რუსულ დრამატურგიაში განსაკუთრებული ჟანრის ფუძემდებელს“, - გვიამბო სპექტაკლის შესახებ დმიტრი კრიმოვმა.

აღსანიშნავია, რომ წელს სპექტაკლი ნომინირებულია თეატრის პრემიაზე „თეატრალის ვარსკვლავი“.

„ბოროტი სული“ საქართველოში ხელოვნების ფესტივალს ხსნის >>

GIFT — ერთადერთი ფესტივალია საქართველოში, რომელიც ევროპის ფესტივალთა ასოციაციის წევრია. იგი 1997 წელს დაარსდა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალების მიერ (ედინბურგი, ადელაიდა, მელბურნი, პერტი). ფესტივალის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი რეჟისორი ქეთი დოლიძე.

ყოველწლიურად GIFT წარმოადგენს საქართველოს და მსოფლიოს საუკეთესო დასების თეატრალურ შემოქმედებას. მათ შორის არის ვახტანგოვის სახელობის მოსკოვის თეატრი, დმიტრი კრიმოვის ლაბორატორია, ბერლინის თეატრი „ფოლქსბიუნე“ (Volksbühne) და სხვა კოლექტივები.