„ზედოზირებული" ლეგალიზაცია: თბილისში მარიხუანით მოწამვლის შემთხვევები გახშირდა

ტოქსიკოლოგების განცხადებით, საქართველოში მარიხუანის მოწევა მოდური გახდა, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ბოლო თვეების განმავლობაში დედაქალაქში 17-27 წლის ახალგაზრდებს შორის მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა, განაცხადა კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ თემურ კობიძემ პრესკონფერენციაზე.

სპეციალისტს სტატისტიკური მონაცემები არ მოუყვანია, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან მსუბუქი ნარკოტიკებით ზედოზირების შემთხვევების ზრდა ცხადია, განსაკუთრებით გოგონებს შორის.

კობიძის განცხადებით, საავადმყოფოებს მიმართავენ სიმპტომებით: ჰალუცინაციები, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, ფსიქიკური დარღვევები. ასეთი პაციენტების მკურნალობაში კი ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა უწევთ.

„რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გადავგზავნეთ ფსიქიატრთან. მათგან ორი განაგრძობს მკურნალობას. დიდი ხანია განგაშია ასატეხი საერთოდ ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის გახშირებული ფაქტების გამო. მარიხუანის მოხმარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენ გენოფონდს, ჩვენ ახალგაზრდობას. მათგან, ვინც მარიხუანას უწევს პროპაგანდას, რატომღაც არავის სურს თავის შვილებზე გამოსცადოს მარიხუანის „სიკეთე", – აღნიშნა კობიძემ.

ილია მეორე: იმედია მარიხუანას კულტივაციის კანონი მომავალში არ იქნება მიღებული

მარიხუანის პროპაგანდამ გამოიწვია ის, რომ მისი მოხმარება გოგონებს შორის უკვე კარგ ტონადაც კი მიიჩნევა, აღნიშნა ტოქსიკოლოგმა.

„მანამდე სიგარეტის მოწევა ითვლებოდა თავის წარმოჩენის, თვითდაჯერების საშუალებად. პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც კი არ მოუწევიათ და, მით უმეტეს, მარიხუანა არის მათთვის პირველი. მარიხუანის მოწევა განსხვავდება სიგარეტის მოწევისგან. არ არიან შეჩვეული. შემოსულ პაციენტებს შორის უმეტესობა ამბობს, რომ მოწიეს მეგობრებთან", – განაცხადა კობიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა, რითიც კანაფის მოწევის სრული ლეგალიზება მოახდინა.