ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში ორგზის ჩემპიონები გახდნენ

ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში გამარჯვებულები 2017 წელსაც გახდნენ, როდესაც „ძლიერთა თამაშები“ კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართა
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში „ძლიერთა თამაშების“ ფარგლებში (Invictus Games) მჯდომარე ფრენბურთში ფინალურ თამაშში დიდი ბრიტანეთის ნაკრებს მოუგეს და ოქროს მედლები მოიპოვეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის ნაკრები ფინალში 2:0 დაამარცხა და ოქროს მედალოსანი გახდა. ფინალამდე კი ქართველმა სამხედროებმა რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებებს მოუგეს.

მჯდომარე ფრენბურთში ქართველი სამხედროების ფინალურ თამაშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად საქართველოდან გულშემატკივრობდნენ.

„ჩვენმა დაჭრილმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ გვასახელეს, ისინი არიან მჯდომარე ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონები. მათ კიდევ ერთხელ შეინარჩუნეს ეს ღირსეული ტიტული, თუმცა წელს უფრო მეტი დამაჯერებლობით. ყოველ წელს აქვთ საგრძნობი წარმატება სპორტული განვითარების საქმეში და არიან მისაბაძნი ჩემთვის, მთელი სამხედრო შემადგენლობისთვის და სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი ბიჭებით, გულითადად ვულოცავ და შემდგომ წარმატებას ვუსურვებ მომავალშიც“, - განაცხადა იზორიამ.

„ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში გამარჯვებულები 2017 წელსაც გახდნენ, როდესაც „ძლიერთა თამაშები“ კანადის ქალაქ ტორონტოში გაიმართა. მაშინაც ქართველი სამხედროების მეტოქეები ბრიტანელები იყვნენ.

სპორტული შეჯიბრება, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და პრინც ჰარის პატრონაჟით იმართება, სიდნეიში 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Invictus Games-ი, რომლის მონაწილეებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები არიან, გაერთიანებულ სამეფოს პრინც ჰარის ორგანიზებით, 2014 წელს დედოფალ ელიზავეტ მეორის ოლიმპიურ პარკში დაფუძნდა.