შეღავათები ელექტრომობილებისთვის: თბილისის მერიამ წინადადებები შეიმუშავა

თბილისში მოძრავი 500 ათასი ავტომობილიდან ნახევარი 20 წლისა და მეტი ხნისაა.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერია დედაქალაქში ელექტრომობილების რაოდენობის გაზრდის წახალისების მიზნით რიგ ღონისძიებებს გეგმავს, განაცხადა ქალაქის მერმა კახა კალაძემ პრიექტის „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი" პრეზენტაციაზე.

„ელექტრომობილებს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური არ შეეხება. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილი იქნება სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები", – განაცხადა მერმა.

კალაძემ განაცხადა, რომ მერია ელექტროდამტენებსაც დაამონტაჟებს.

ამბიციური გეგმა: ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება

„იმ ადამიანებს, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ ელექტრომობილები, შეუძლიათ მიმართონ გამგეობებს ან მერიას და მათ საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, სადაც მუნიციპალური პარკინგებია, სპეციალური დამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოეწყობა", – აღნიშნა მერმა.

მისი თქმით, დედაქალაქში 500 ათასზე მეტი ავტომობილი მოძრაობს და აქედან დაახლოებით 50% 20 წელზე მეტი ხნისაა, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ავტომობილების იმპორტი 6-7 პროცენტით იზრდება.

„ეს ძალიან ცუდი ციფრებია და ის ნაბიჯები, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებასა და დედაქალაქის მერიას აქვთ დაგეგმილი, მგონია, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ელექტრომობილების შემოსვლას ჩვენ ბაზარზე. ამაში იქნება ჩვენი მნიშვნელოვანი თანადგომა", – აღნიშნა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90%-ს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ. იმპორტის შემთხვევაში ისინი, ფაქტობრივად, არ ექვემდებარებიან განბაჟებას. ამასთანავე ხელისუფლება გეგმავს ელექტროტრანსპორტისა და ტრადიციული ავტომობილების განბაჟების ნაწილში სხვაობის ნაბიჯ-ნაბიჯ გაზრდას.