NDI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოშია

საპრეზიდენტო არჩევნებს ორგანიზაციის 16 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევს მონიტორინგს.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დამკვირვებელთა საერთაშორისო დელეგაცია ჩამოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გამოკითხვა „ოცნების“ შეკვეთით: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება>>>

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ. 

პრეზიდენტობის კანდიდატები - ვის აჩვენებენ ყველაზე ხშირად ტელევიზიით

საპრეზიდენტო არჩევნებს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის 16 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევს მონიტორინგს.

უშუალოდ არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები სხვადასხვა ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, უბნის დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან.

„მაღალი რანგის დელეგაცია საქართველოში არჩევნების დღეს მიმდინარე მოვლენებს, ასევე ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება. მეორე დღეს ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ პრესკონფერენციაზე, რომელიც არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს შეეხება. მოგვიანებით კი დეტალურ ანგარიშს წარმოვადგენთ", – განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა.

NDI-ს სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 29 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს, საბოლოო ანგარიში კი, სავარაუდოდ, ერთი თვეში გამოქვეყნდება.

NDI-ს სადამკვირვებლო მისიას აშშ-ის დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy, NED) და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებენ.