თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. ავტოავარიის შედეგად სატვირთოს მძღოლი დაიღუპა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაზე, იუწყება Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
უწყების მონაცემებით, სამშენებლო მოედანზე ერთმანეთს შეეჯახა ორი სატვირთო, ერთ-ერთის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლით (უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე ისჯება.
40 კილომეტრის სიგრძის ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“.
რკინიგზა 2010 წლიდან შენდება. სს „საქართველოს რკინიგზასთან“ დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთი კომპანიამ 2019 წელს უნდა დაასრულოს. მან უნდა ააშენოს ექვსი გვირაბი, მათი ნაწილი უკვე დასრულებულია.
კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ საქართველოში სკანდალის ცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. მიმდინარე წლის იანვარში სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბში სამშენებლო სამუშაოების დროს მოხდა აფეთქება, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.
ტრაგიკული შემთხვევები სამუშაო ადგილებზე - შსს სტატისტიკას აქვეყნებს >>
მანამდე, 2016 წლის ნოემბერში „რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა“ განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის თანამშრომლები გაუსწორდნენ მუშებს, რომლებიც იმერეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულნი. ეს შემთხვევაც სოფელ ზვარეში მოხდა. ათი დღის წინ კი სოფელ ქვიშხეთში ჩინური კომპანიის თანამშრომლებსა და ტელეკომპანია Rustavi2-ის ჟურნალისტებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას განცხადებით, რომლებსაც ობიექტზე სიუჟეტი უნდა გადაეღოთ, ჩინური კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ და წაართვეს ვიდეოკამერა, მაგრამ დააბრუნეს ის, როდესაც შეიტყვეს, რომ მასში არ იყო ჩადებული ჩიპი.