თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი საკუთარ კანდიდატურას „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას სასარგებლოდ ხსნის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
კერძოდ, კუკავას სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა აკაკი ასათიანმა და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ვახტანგ გაბუნიამ.
„თავისუფალი საქართველოს“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ საკუთარ ამომრჩევლებს კახა კუკავას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათივე განცხადებით, არჩევნების შემდეგ ეროვნული, ტრადიციული მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით დაგეგმილია კოალიციის შექმნა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ.
გამოკითხვა „ოცნების“ შეკვეთით: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება >>
აღსანიშნავია, რომ კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა 16 ოქტომბერს ამოიწურა. რადგანაც კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შესულა, შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი.