დაცული ტერიტორიების სააგენტო: რატომ დაიკეტა ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა და ვიზიტორები მის დათვალიერებას დროებით ვეღარ შეძლებენ, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი იქნება ტურისტებისთვის ოკაცეს კანიონი დაკეტილი.

ტურიზმის სააგენტო: ყველაზე პოპულარული ადგილები საქართველოში

„დამატებით დეტალებს შეგატყობინებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკაცეს კანიონი ქუთაისიდან 42 კილომეტრში, ხონის მუნიციპალიტეტში,  სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს. კანიონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

ოკაცეს კანიონის მეტად საინტერესო 2-3 საათიანი საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.

სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ ოკაცეს სამკასკადიანი ჩანჩქერი, დადიანების პარკი და მდინარე საწისქვილოს ხეობა. ტურისტული სეზონი მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, აქტიური სეზონი კი აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლითაა.