თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 6 ახალი კორპუსი შენდება, იუწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდი.
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნგრევად და ავარიულ შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელოში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი შეხვდნენ.
როგორც გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, ის დევნილი ოჯახები, რომლებიც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში ცხოვრობენ, ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს მიიღებენ.
სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ბინას 360 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.
ვის დაუფარავს სახელმწიფო იპოთეკურ სესხს>>>
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.