პასუხგაუცემელი კითხვა: მოკლეს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი

საპრეზიდენტო არჩევნების წინ არ ცხრება სკანდალები. ამჯერად ახალი აჟიოტაჟი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებას უკავშირდება.
Sputnik

ოთხშაბათს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გახსნა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი.

შეგახსენებთ რომ, 2008 წლის 12 თებერვალს, ღამის 11 საათზე ლონდონთან ახლოს სურეის საგრაფოში, საკუთარ ვილაში 52 წლის ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. ჯერ კიდევ მაშინ სურეის საგრაფოს პოლიცია ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას განიხილავდა, როგორც „საეჭვო” შემთხვევას.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი ჩინოვნიკები.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება – ერთ-ერთ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ცნობით, აღმოჩენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ხმის ჩამწერი მოწყობილობა, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ 2007 წლის 4 და 5 თებერვლის ორი ჩანაწერი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მომზადების საკითხს შეეხებოდა.

კერძოდ, 2007 წლის 4 თებერვლის ჩანაწერში კუდის მაღალჩინოსანი გ.დ. ესაუბრება ბადრი პატარკაციშვილის დაცვის წევრს და მის გადმობირებას ცდილობს. საუბრისას გ.დ. აცხადებს, რომ მზადდება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა და რომ ეს საკითხი სანქცირებულია საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ, რადგან ბადრი პატარკაციშვილი მისი პოლიტიკური ოპონენტი და ხელისუფლების დაუძინებელი მტერია. ჩანაწერის მიხედვით ასევე დგინდება, რომ ლიკვიდაცია კუდ-მა უნდა განახორციელოს.

2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის გულის შეტევით გარდაცვალება არც თბილისში, მის საარჩევნო შტაბში დაუჯერებიათ. პირადად მე ეს კარგად მახსოვს, რადგან თავად მისი გუნდის წევრი ვიყავი, როგორც საზოგადოებრივი მისაღების ხელმძღვანელი. ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოს არერთგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი თვლიდა, რომ, მართალია, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დაფიქსირდა, მაგრამ ძალიან საეჭვო იყო იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესმენი არ ავადმყოფობდა და „კარგად იყო”.

პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო

ბიზნესმენის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირება ჩამოყალიბდა იმ პერიოდში მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის. მაშინაც ასევე ფარული და შეთითხნილი აუდიოჩანაწერების გამოქვეყნებით დაიწყო ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3-4 კვირით ადრე. ამ ჩანაწერების გამო ბადრი პატარკაციშვილს სახელმწიფო შეთქმულებაში დაედო ბრალი და, გასაგებია, რომ ვერ ჩამოვიდოდა საქართველოში და ვერც საარჩევნო კამპანიას წარმართავდა სრულყოფილად. ვთვლი, რომ მაშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ პოლიტიკური შეცდომა დაუშვა და შეეცადა ყოველმხრივ გამიჯნოდა ბადრი პატარკაციშვილს. ოპოზიცია ასევე მტკიცედ უარყოფდა პატარკაციშვილისგან რაიმე დაფინანსების მიღებას... მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, 2008 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბადრი პატარკაციშვილმა 7%-იანი მხარდაჭერა მიიღო და ისიც, რა თქმა უნდა, ტოტალური გაყალბების პირობებში.

მირზა სუბელიანის ვენდეტა

საინტერესო იყო კიდევ ერთი დეტალი, ბადრის გარდაცვალებამდე ძალიან დიდი ინტენსივობით ისმინებოდა ის ოფისი, სადაც ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური გუნდი იყო განთავსებული. ოფისში არაერთი დამონტაჟებული ე.წ. „ჟუჩოკი“ იქნა აღმოჩენილი, რასაც თითქმის ყოველდღე სპეცსამსახურების მხრიდან ოფისში უკანონო შემოღწევა ახლდა თან... სხვათა შორის, პირადად მაქვს მოსმენილი იმ აუდიოჩანაწერების ორიგინალი და ის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მაშინდელი მთავარი პროკურატურის მიერ დამონტაჟებული ჩანაწერებისაგან, რომელთა გამოც პატარკაციშვილს ბრალს უყენებდნენ.

დღეს, 10 წლის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაგეგმვაში პროკურატურა მთავარ ბრალდებულად ასახელებს გაქცეულ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ამ საქმეში საინტერესოა ერთი რამ - რატომ ედო თაროზე პროკურატურას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე 2016 წლიდან, თუ დაგეგმვის ყველა მონაწილე სუბიექტი უკვე იყო დადგენილი. ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, რადგან დანაშაულის დაფარვა თავად არის დანაშაული.

ბრალდების ადრესატი მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ ცინიკურად პასუხობს ამ ბრალდებას და აცხადებს, რომ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს:

სურს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში?

„კენედის მკვლელობაც ჩემი დაგეგმილი იყო, საიდანღაც გამოტყვრა მერე ეს ოსვალდი და მაგან მოკლა. გარდა ამისა, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ, კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა. ასევე მაქვს თან 19 მილიარდი და აქ ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას“, – ასეთია სააკაშვილის პოზიცია პროკურატურის ბრალდებებზე.

ამ  ფონზე სააკაშვილი თავის მთავარ პოლიტიკურ სამიზნედ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს.

„ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი, რომელმაც მოატყუა, გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ხალხი, ცდილობს დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის წლები, რომელსაც მე  ვხელმძღვანელობდი, გადაფაროს ამ სისულელეებით და ასევე დაავიწყოს, თუ რამდენი მოატყუა, რამდენი გადააგდო და რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება. მისი აღსასრული ახლოვდება. 28 ოქტომბერს არის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ის აგებს კატასტროფულად“, – აცხადებს სააკაშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე სულ უფრო ხშირდება „ფარული ჩანაწერების გახმაურება“. არ არის გამორიცხული, წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას კიდევ არაერთი სკანდალი ჰქონდეს შემონახული. ამჯერად პროკურატურამ კი ჩამოიღო თაროდან პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე, მაგრამ რისთვის? მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია – რა გახდა ბიზნესმენის გარდაცვალების მიზეზი...