ინსპექტირების ათი ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით ათი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი გამოავლინეს, სადაც ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კანონდარღვევები თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა.

„ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ", – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ტექნიკური ინსპექტირების ზემოაღნიშნულ ცენტრებში საგამოძიებო მოქმედებები განახორციელდა და ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ვის მოუწევს 1 ოქტომბრიდან და 1 იანვრიდან ტექდათვალიერებაზე ავტომობილის გატარება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. კერძოდ, პირველ ეტაპზე, 2018 წლის 1 იანვრიდან 3.5 ტონაზე მძიმე და 8 ადგილზე უფრო დიდი ტევადობის ავტომობილების შემოწმება დაიწყო. მეორე ეტაპი 1 ივლისიდან შევიდა ძალაში და სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილ ავტომანქანებს შეეხო. ინსპექტირების მესამე ეტაპი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა და შემოწმება ყველა იმ ავტომობილს შეეხო, რომელთა ძრავის მოცულობაც 3000 სმ3 ან მეტია. მეოთხე ეტაპი კი უკვე 2019 წლის 1 იანვრიდან არის განსაზღვრული და ყველა ავტომობილის შემოწმებას ითვალისწინებს.

ტექინსპექტირების გავლა საქართველოს მასშტაბით მოქმედ 32 აკრედიტებულ, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრშია შესაძლებელი.