დათა ახალაიას განაჩენი ძალაში რჩება

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ყველა სამხილი 2006 წლის 12 იანვარს თბილისში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეში შსს-ს მაღალჩინოსნების ბრალზე მიუთითებს.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლო ასევე არ აპირებს გადახედოს კუდ-ის მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსის გიორგი დგებუაძის, მეტსახელად „მასტერას" განაჩენს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიმდინარე წლის თებერვალში ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ახალაიასა და დგებუაძის მიმართ - შესაბამისად, 12 და 9 წელი პატიმრობა. ახალაია 2012 წლიდან საქართველოში არ იმყოფება და გამოძიებას ემალება, ხოლო დგებუაძე ჰოლანდიიდან საქართველოში იყო ექსტრადირებული 2016 წელს.

პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო

სასამართლომ დათა ახალაიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ორი ან მეტი პირის ჯგუფურად მკვლელობის, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მუხლებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამოიტანა.

გიორგი დგებუაძეს ბრალი წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და წამების ორგანიზებაში.

სპეცოპერაცია თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წლის იანვარში ჩატარდა. მაშინ ხელისუფლებამ განმარტა, რომ ეს სპეცოპერაცია რუსთავის ციხეში აჯანყების თავიდან აცილების მიზნით ჩატარდა. სპეცოპერაციისას მოკლეს ეჭვმიტანილები — შოთა გორგაძე, მარად არმელაძე და რომან სურმანიძე. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

უფრო ადრე, 2014 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმესთან დაკავშირებით სასამართლომ შსს-ს ორ ყოფილ თანამშრომელს — გიორგი მაზმიშვილსა და ლევან ქარდავას თითოეულს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, „ნავთლუღის სპეცოპერაცია" პატიმართა დასაშინებლად დაიგეგმა. მომავალი აჯანყების აღკვეთის საბაბით მოწყობილი სპეცოპერაციის შემდეგ რუსთავის ციხეში პატიმართა წამება დაიწყო. პროკურატურის მონაცემებით, წამებაში მონაწილეობდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი, დათა ახალაიას ძმა ბაჩო ახალაია, ასევე შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მეგის ქარდავა. ამ საქმესთან დაკავშირებით თითოეულ მათგანს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.