ბებიის ცემისთვის შვილიშვილს წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს

ბრალდებული შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ბებიის ცემისთვის ბრალდებული შვილიშვილი დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამაკაცი 20 წლის გოგონას კბენისთვის ძალადობის ბრალდებით დააკავეს

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 12 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონში მთვრალმა შვილიშვილმა ბებიაზე ფიზიკურად იძალადა.

„2018 წლის 12 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბებიას – მ.კ.-ს სახისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია", – აღნიშნულია განცხადებაში.

ბრალდებული შემთხვევიდან მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111–120-ე მუხლით („ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია“) აქვს წარდგენილი.