რა პირობებში აცხობენ პურს საქართველოში

ექსპერტები აცხადებენ, რომ პრობლემებია არა მარტო პურის წარმოების პირობების, არამედ მაღაზიებში მიწოდების მხრივაც.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ორ წელიწადში ქვეყანაში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი 113 საწარმო დახურა, წერს გაზეთი „რეზონანსი".

დახურვის მიზეზები იყო შეუსაბამო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, დაჟანგული ნივთები და განათება, მწერები, გაუმართავი სავენტილაციო სისტემა და სხვ.

„სანიტარიულ ნორმებს რომ დიდად ყურადღება არ ექცევა, ამის ყველაზე ნათელი მაგალითია უკიდურესი შემთხვევები, როცა მომხმარებელი პურში მწერებსა და ნარჩენებს პოულობს", – განაცხადა სურსათის სფეროს სპეციალისტმა ლია კვარაცხელიამ.

ძველი პროდუქტები და პერსონალის პირადი ჰიგიენა – რა ვითარებაა რესტორნებში

სულ 2017-2018 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის ქარხნები და საცხობები 781-ჯერ შეამოწმა. შედეგად, 2017 წელს წარმოების პროცესი შეუჩერდა 72 საწარმოს, ხოლო წელს – 41-ს. ყველა საწარმო დაჯარიმდა 1 ათასი ლარით.

კვარაცხელიას თქმით, თითოეულმა საცხობმა უნდა გამოაკრას სერტიფიკატი იმის თაობაზე, რომ ის შეამოწმეს და ის ნამდვილად იცავს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

„გარდა ცხობის პროცესისა, მნიშვნელოვანია, როგორ მიდის მყიდველამდე პროდუქტი. არაერთხელ მინახავს, საბარგულში ჩაყრილი პური როგორ შეაქვთ მაღაზიაში შიშველი ხელებით. კატასტროფაა ამის ყურება და წარმოდგენა იმისა, რომ ამ საკვებს მერე ჩვენ ვიღებთ. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ პური იმ იშვიათ პროდუქტებშია, რომლებიც არ ირეცხება", – აღნიშნა კვარაცხელიამ.

ცხენისა და ვირის ხორცი თბილისში დამზადებულ ნახევარფაბრიკატებში - ობიექტების ჩამონათვალი

მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა პურის მოხმარების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ამ პროდუქტის წარმოებაში ყველაზე მაღალი სტანდარტები უნდა იყოს დაცული.

იმის შესახებ, რომ ქვეყანაში პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი საწარმოები არ იცავენ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეთიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელიაც.

„სტანდარტები იმდენად „გაუფასურდა", რომ თუ მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა იპოვა პურში, უკვე პრობლემად არ მიაჩნია. არადა, საცხობებში ფქვილი მტვრით არის სავსე და არავინ სათანადოდ არ ასუფთავებს შენობას. ამის არაერთი შემთხვევა პირადადაც მინახავს", – განაცხადა შენგელიამ.