კურიოზი თბილისში: პოლიციელებმა წლინახევრის „დამნაშავე“ ფაქტზე გამოიჭირეს

თბილისში ერთ-ერთ სახლში პატარა ბავშვი ისე ხმაურობდა, რომ მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. უჩვეულო შემთხვევის მომსწრე გახდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სახლში გამოიძახეს.

რა უნდა ვიცოდეთ საწოვარას შესახებ და როგორ გადავაჩვიოთ მას პატარა

მეზობელი ბინიდან ხმაურის გამო პოლიციაში დარეკეს. როდესაც პოლიციელები დაინტერესდნენ, რა ხდებოდა „ავბედით ბინაში“, გაკვირვებულებმა აღმოაჩინეს, რომ იქ წლინახევრის ბავშვი ხმაურობდა. პოლიციელებს სხვა არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ პატარა ონავართან სამახსოვრო ფოტო გადაეღოთ.

ინციდენტის დეტალები ბავშვის ბებიამ ნანა ჯიქიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ჩემი მაქსიკო ამჯერად დაპატიმრებას გადაურჩა, მეზობლის შეწუხებისთვის და ხმაურისთვის გაფრთხილება მიიღო, პირობა დადო, რომ არ იხმაურებს. ვერც გაიგო, რა ხდებოდა - ეგონა სტუმრები მოვიდნენ და კარგად გაერთო“, – დაწერა ჯიქიამ.

ამ შემთხვევამ სოციალური ქსელების მომხმარებლები გაახალისა. კომენტატორების უმრავლესობა მოიხიბლა საყვარელი ბიჭუნას მოქცევით და ზედმეტად „ნერვიული მეზობლები“ დაგმო.